USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის, კერძო მეწარმეობის საერთაშორისო ცენტრისა (CIPE) და ევროპული ბიზნეს ასოციაციის (EBA) თანამშრომლობით ჩატარდა მეათე დასკვნითი ღონისძიება "გოგოები ცვლილებებისთვის". აღნიშნულ პროგრამაში, რომლის მიზანია ბიზნესის მართვის, ვაჭრობის, საინვესტიციო გარემოს შესახებ ცოდნის ამაღლება და ლიდერული უნარების განვითარება, საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის 60-ზე მეტმა სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა, მათ შორის კავკასიის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის ევროპისმცოდნეობის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებმა მარიამ იმერლიშვილმა და ელენე ქაჩლიშვილმა.
პროგრამის ფარგლებში მონაწილეებმა მოისმინეს 10 სესია, რომლებსაც დარგის ექსპერტები, ბიზნეს ასოციაციებისა და წარმატებული ბიზნესის წარმომადგენლები უძღვებოდნენ. სესიის შემდეგ გაიმართა დაჯილდოების ცერემონია, რომლის დროსაც პროგრამის დასრულების სერტიფიკატი გადაეცა პროექტის 48 მონაწილეს. წარმატებულ სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა, გაიარონ ანაზღაურებადი სტაჟირება ევროპულ ბიზნეს ასოციაციაში, USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამაში და მის პარტნიორ ორგანიზაციებში. იმედს ვიტოვებთ, რომ მათ შორის ჩვენი სტუდენტებიც იქნებიან.