8-9 დეკემბერს, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კორნელი კეკელიძის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „აფხაზეთის კულტურული ფასეულობანი: ენა, ლიტერატურა, ისტორია, სოციალური მეცნიერებანი, კულტურის ძეგლები“.
კონფერენცია მიეძღვნა აკადემიკოს მარიამ ლორთქიფანიძის დაბადებიდან 100 წლის იუბილეს. რომლის ფარგლებშიც კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორებმა, სამართლის დოქტორმა ეკატერინე ქარდავამ და ისტორიის დოქტორმა გურანდა ჭელიძემ, სამართლისა და განათლების მეცნიერებათა სექციაში წარადგინეს მოხსენება თემაზე „ევროპული სწავლების როლი აფხაზეთიდან დევნილი საზოგადოების პოლიტიკაში“. მოხსენება ეფუძნებოდა ჟან მონეს პროექტების ფარგლებში განხორციელებული კვლევის შედეგებს, ხაზგასმით იყო აღნიშნული ევროპული სწავლების მნიშვნელობა განათლების სხვადასხვა საფეხურზე. გამოითქვა რეკომენდაციები შემდგომი კონკრეტული ნაბიჯების შესახებ საქართველოს ხელისუფლებისა და აფხაზეთის დე-იურე დევნილი მთავრობის უშუალო მონაწილეობითა და ჩართულობით.
კონფერენციაში მონაწილეობდა სამოცამდე მომხსენებელი საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლიდან, მათ შორის უკრაინის, აზერბაიჯანის, უზბეკეთის, მოლდოვას, თურქეთის, ისრაელისა და სერბეთის სხვადასხვა უნივერსიტეტიდან და სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტებიდან.