6-8 ივნისს, კავკასიის უნივერსიტეტის წიგნის მაღაზია, „ლიბრარეამ“, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის ინიციატივით, ამერიკული და ინგლისური ლიტერატურის ახალგაზრდა მკვლევარებს უმასპინძლა, რომლებმაც ისაუბრეს ინგლისური და ამერიკული მაღალი მოდერნიზმის შესახებ. შეხვედრებმა სტუდენტებს საშუალება მისცა გაეღრმავებინათ ცოდნა ლიტერატურის ისტრიაში ამ ერთ-ერთი ყველაზე დიდი და მრავალფეროვანი ეპოქის შესახებ.
ახალგაზრდა მკვლევარებმა - ქეთი ჯმუხაძემ, ლიზი ძაგნიძემ, ნინო ჭინჭარაულმა, ანა პალაგაშვილმა და სოფო გელიაშვილმა ბაკალავრებს გააცნეს მაღალი მოდერნიზმის რამდენიმე მნიშვნელოვანი ავტორი, ისაუბრეს მოდერნისტული ეპოქის რამდენიმე თავისებურების შესახებ. განხილული იყო ქალაქის პოეტიკა ჯოისთან და მოდერნისტებთან, ლიტერატურის მუსიკალიზაცია და კონტრაპუნქტის ნიმუში ჰაქსლისა და ჯოისის რომანებში, ასევე, თომას ელიოტის „უნაყოფო მიწის“ მნიშვნელობა და გადაფასების ცნება, ასევე, უ. ჰ. ოდენისა და ჯუნა ბარნსის შემოქმედების ზოგადი მიმოხილვა. აღსანიშნავია, რომ ეს ბოლო ორი ავტორი ნაკლებად ცნობილი და შესწავლილია საქართველოში.
შეხვედრების ბოლოს იმართებოდა საინტერესო დისკუსიები.