ზვიად ძიძიგურის წიგნის პრეზენტაცია - "ეპიზოდები საქართველოს უახლესი ისტორიიდან. 1990-იანები და შემდეგ..."

25 მარტი 2024

22 მარტს კავკასიის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის ასოცირებული პროფესორის, ზვიად ძიძიგურის, წიგნის პრეზენტაცია გაიმართა. "ეპიზოდები საქართველოს უახლესი ისტორიიდან. 1990-იანები და შემდეგ..." - დაიბეჭდა კავკასიის უნივერსიტეტის კვლევითი საქმიანობის შიდა საუნივერსიტეტო დაფინანსების სქემის ფარგლებში. პროექტი განხორციელდა კავკასიის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლაში, პროექტის ხელმძღვანელი - პროფესორი გურანდა ჭელიძე.

 

წიგნის პრეზენტაცია გახსნა კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა კახა შენგელიამ. მან ხაზი გაუსვა უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის კვლევითი აქტივობების მნიშვნელობას ახალი ცოდნის შექმნისა და გავრცელების პროცესში, რაშიც დიდ როლს თამაშობს კავკასიის უნივერსიტეტში არსებული შიდა საგრანტო დაფინანსება.

 

პროექტის ხელმძღვანელმა პროფესორმა გურანდა ჭელიძემ ისაუბრა წიგნის გამოცემის საჭიროების შესახებ, მხარდაჭერისა და თანადგომისათვის მადლობა გადაუხადა ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლას, კავკასიის უნივერსიტეტის კვლევის ხელშეწყობის დეპარტამენტსა და უნივერსიტეტის ადმინისტრაციას. პრეზენტაციაზე ავტორმა წიგნში აღწერილი, მისი თვალით ნანახი და განცდილი მოვლენების შესახებ უამბო აუდიტორიას. გაიმართა აქტიური დისკუსია.

 

დამსწრე საზოგადოების წინაშე წარდგნენ კავკასიის უნივერსიტეტის კვლევის ხელშეწყობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი - ქალბატონი სოფიო კობახიძე, კავკასიის უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორები: დავით ბერძენიშვილი და ზაზა ადეიშვილი, კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი თემურ ხუციშვილი, ასევე, სხვა ცნობილი სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწეები.

 

ვულოცავთ ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლას და ბატონ ზვიად ძიძიგურს ახალი წიგნის დაბადებას და ვუსურვებთ შემდგომ წარმატებას.