ციფრული კომუნიკაციისა და მედია-არტის საბაკალავრო პროგრამა ამზადებს თანამედროვე კრეატიული ინდუსტრიების პროფესიონალებს, რომლებიც აერთიანებენ მხატვრულ ხედვას, ციფრულ ტექნოლოგიებსა და კომუნიკაციას. პროგრამა სტუდენტებს აძლევს ცოდნასა და პრაქტიკულ უნარებს მულტიმედიური პროდუქტებისა და ციფრული კონტენტის შესაქმნელად, სხვადასხვა პლატფორმისთვის ეფექტიანი კომუნიკაციის დასაგეგმად და განსახორციელებლად, შემოქმედებითი პროექტების სამართავად და ციფრული გარემოს თანამედროვე გამოწვევებზე საპასუხოდ.
სწავლების პროცესში სტუდენტები ეუფლებიან ციფრულ კომუნიკაციას, მარკეტინგს, ბრენდის კომუნიკაციას, მულტიმედიური კონტენტის შექმნას, ციფრულ დიზაინს, აუდიოვიზუალური პროდუქტის წარმოებას, ვებ და სოციალური მედიის კონტენტის დაგეგმვას, ვიზუალურ და პერფორმატიულ ხელოვნებას, ასევე, კრეატიული პროექტების მართვის თანამედროვე მეთოდებს.
სწავლება თეორიული საფუძვლების სიღრმისეულ გააზრებასთან ერთად პრაქტიკაზეა ორიენტირებული. სტუდენტები მუშაობენ ინდივიდუალურ და გუნდურ პროექტებზე, ავითარებენ პროფესიულ პორტფოლიოს, თანამშრომლობენ სხვადასხვა ინდუსტრიის წარმომადგენლებთან და სწავლების პროცესშივე იძენენ იმ გამოცდილებას, რომელიც მათ დასაქმების ბაზარზე კონკურენტულ უპირატესობას ანიჭებს.
პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულებს ენიჭებათ ციფრული მედიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი და შეუძლიათ წარმატებული კარიერის განვითარება კრეატიულ სააგენტოებში, მედიაორგანიზაციებში, მარკეტინგულ და სარეკლამო კომპანიებში, ციფრულ პლატფორმებზე, კულტურის სფეროსა და შემოქმედებით ინდუსტრიებში, ასევე საჯარო, კერძო და საერთაშორისო ორგანიზაციებში.
