კავკასიის უნივერსიტეტის დელეგაციის ვიზიტი ვილდაუს გამოყენებითი მეცნიერებების ტექნიკურ უნივერსიტეტში

21 დეკემბერი 2023

კავკასიის უნივერსიტეტის დელეგაცია საქმიანი ვიზიტით გერმანიაში, ვილდაუს გამოყენებითი მეცნიერებების ტექნიკურ უნივერსიტეტში იმყოფებოდა.

 

TH Wildau და კავკასიის ტექნოლოგიების სკოლა ციფრული ლოგისტიკის მენეჯმენტის ერთობლივ სამაგისტრო პროგრამას ახორციელებენ, რომელიც გასცემს ერთობლივ დიპლომს და ხორციელდება გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) მხარდაჭერით და საქართველოს ლოგისტიკის ასოციაციასთან (GLA) თანამშრომლობით. აღნიშნულ პროგრამაზე მიღება 2022 წელს დაიწყო.

 

კავკასიის უნივერსიტეტის დელეგაციის ვიზიტის მთავარი მიზანი სტუდენტებთან შეხვედრა, ერთობლივი პროგრამის დეტალების და მიმდინარე სიახლეების განხილვა იყო. 

 

მხარეებმა განიხილეს პროექტის მიმდინარეობა და პროგრამის, ასევე სტუდენტთა დასაქმების პერსპექტივები. შეხვდენენ პროგრამის პირველი ნაკადის სტუდენტებს, რომლებით TH Wildau-ში აგრძელებენ სწავლას.  ასევე, დაათვალიერეს პარტნიორი უნივერსიტეტის კამპუსი, ინფრასტრუქტურა და ლოგისტიკის ლაბორატორიები, გაეცნენ სალექციო პროცესს და იმ სერვისებს, რომლითაც სტუდენტები პროგრამის ფარგლებში სარგებლობენ.

 

ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამა პირველია რეგიონში, რომელიც ლოგისტიკის მენეჯმენტის მიმართულებით ხორციელდება. ის უნიკალურია თავისი შინაარსით, მულტიდისციპლინური კურიკულუმით, რაც შესაძლებელს ხდის გადაამზადოს მაღალი რანგის, სხვადასხვა დარგის პროფესიონალები.

 

TH Wildau მოწინავე უნივერსიტეტია გერმანიაში ლოგისტიკის მიმართულებით, ბერლინის მახლობლად, ბრანდენბურგის მიწაზე. იგი წარმოადგენს გერმანიის ერთ-ერთ ყველაზე ინოვაციურ საგანმანათლებლო-სამეცნიერო ცენტრს, რომელიც გასულ წელს დასახელდა სამეცნიერო დაწესებულებების ხუთეულში მთელი გერმანიის მასშტაბით. იგი ფოკუსირებულია ბიზნესის ადმინისტრირებისა და ტექნიკური დისციპლინების ურთიერთდამოკიდებულების თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნაზე, ასევე უახლეს საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე. სამეცნიერო-კვლევითი კუთხით იგი თანამშრომლობს ისეთ ტექნოლოგიურ და ლოგისტიკის დარგის გიგანტებთან როგორებიცაა: Mercedes Benz, BMW, Siemens, Bombardier, Airbus, Rolls Royce Sony, Fujitsu, ABB, DB Schenker, DHL, Fiege.