CSL-ის კურსდამთავრებული სწავლას ლეიდენის სამართლის და ციფრული ტექნოლოგიების სამაგისტრო პროგრამაზე აგრძელებს

6 სექტემბერი 2024

სამართლის სკოლის კურსდამთავრებული ანასტასია მენაბდე საბაკალავრო პროგრამის დასრულების შემდეგ სწავლას ლეიდენის უნივერსიტეტის სამართლის და ციფრული ტექნოლოგიების სამაგისტრო პროგრამაზე აგრძელებს.

 

აღნიშნული პროგრამა არის სამაგისტრო პროგრამის ზემდგომი საფეხური. პროგრამაზე სწავლის წინაპირობაა არამარტო სამართლის თეორიული ცოდნა, არამედ სფეროში პრაქტიკული გამოცდილება, რაც კავკასიის უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამის დამთავრების შემდეგ იურიდიულ კომპანია GLCC-ში შევიძინე.

 

,,საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების სურვილი სკოლის ასაკიდან მქონდა, თუმცა საბოლოოდ საქართველოში დასაქმება მქონდა გადაწყვეტილი. საქართველოში იურისტად მუშაობისთვის საქართველოს კანონმდებლობის ცოდნა აუცილებელ მოთხოვნას წარმოადგენს, კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლა ერთ-ერთი საუკეთესოა მათთვის, ვისაც სურს იურიდიული სფეროში წარმატებული საქმიანობა. გარდა თეორიული ცოდნისა, უნივერსიტეტი ხელს უწყობს ისეთი მნიშვნელოვანი პიროვნული თვისებების განვითარებას, როგორიცაა ანალიტიკური აზროვნება, თავდაჯერებულობა, კომუნიკაბელურობა და სხვა  საჭირო უნარ-ჩვევები, რაც ყველა იურისტს ჭირდება.

 

სწორად ამ უნარების გამომუშავებით და კავკასიის უნივერსიტეტში მიღებული თეორიული ცოდნაზე დაყრდნობით გადავწყვიტე სწავლა საერთოდ უცხო ქვეყანასა და გარემოში გამეგრძელებინა და დამოუკიდებელი ცხოვრება ახალ გამოწვევებით დამეწყო.

 

საბაკალავრო პროგრამის დასრულებისთანავე გადავწყვიტე სწავლა გამეგრძელებინა სამაგისტრო პროგრამაზე და ავირჩიე ისეთი ინოვაციური სფერო როგორიც არის ციფრული ტექნოლოგიების სამართალი. სამართლის ეს დარგი ემსახურება ისეთი ტექნოლოგიური სიახლეების დარეგულირებას, რომელიც დღითიდღე ვითარდება და კანონმდებლობის დონეზე შეზღუდვებს და კონტროლს საჭიროებს. ვფიქრობ, აღნიშნული პროფესია, როგორც საქართველოში ისე მსოფლიოს სხვა ქვეყნებში ძალიან მოთხოვნადი და აქტუალური იქნება და მინდა  ამ დარგის ერთ-ერთ პირველ და წარმატებულ იურისტს წარმოვადგენდე.’’