კავკასიის სამართლის სკოლის სტუდენტები ვილემ ვისის საერთაშორისო იმიტირებულ პროცესზე მიემგზავრებიან

6 აპრილი 2019

კავკასიის უნივერსიტეტი წელს პირველად მონაწილეობს ვილემ ვისის (Willem C. Vis Moot) სახელობის საერთაშორისო კომერციული არბიტრაჟის იმიტირებულ შეჯიბრებაში, რომელიც საერთაშორისო მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარი შეჯიბრებაა.

 

ვილემ ვისის სახელობის იმიტირებული პროცესი 1994 წელს დაარსდა და მასში ყოველწლურად 400-მდე უნივერისტეტი მონაწილეობს. შეჯიბრების მთავარი მიზანია საერთაშორისო კომერციული სამართლისა და საერთაშორისო კომერციულ არბიტრაჟთან დაკავშირებული აქტუალური საკითხების გამოკვლევა და შესწავლა.

 

კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის გუნდის წევრები არიან: ირაკლი ბიწკინაშვილი, თამარ შიოშვილი, მარი შარაძე და ნინო მამუჭაძე. მათ იმიტირებული პროცესის თბილისის მერვე მოსამზადებელ შეჯიბრებაში მიიღეს მონაწილეობა და არბიტრებისგან დადებითი შეფასებები დაიმსახურეს.  

 

შეჯიბრის ფარგლებში გუნდი დაუპირისპირდა ბუცერიუსის უნივერსიტეტს (გერმანია), პასაუს უნივერსიტეტს (გერმანია), ბაქოს უნივერსიტეტს (ბაქო) და ცენტრალური აზიის ამერიკულ უნივერსიტეტს (ყირგიზეთი).

 

კავკასიის უნივერსიტეტის დაფინანსებითა და ხელშეწყობით, გუნდი მიემგზავრება ავსტრიის დედაქალაქ ვენაში, რომელიც 2019 წლის 12-19 აპრილს უმანსპინძლებს რიგით 26-ე Willem C. Vis-ის სახელობის შეჯიბრებას.

 

აღსანიშნავია იურიდიული კომპანია BLB-ის წვლილი კავკასიის უნივერსიტეტის გუნდის მხარდაჭერაში - კომპანიაში გამართულ მოსამზადებელ შეჯიბრებაზე გუნდმა პირველი ადგილი დაიკავა, რის შედეგადაც მიიღო ფულადი ჯილდო.

 

კავკასიის უნივერსიტეტი წარმატებას უსურვებს გუნდის წევრებს ფინალურ თამაშებზე!