კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის პროფესორმა, ხათუნა ბურკაძემ კავკასიის უნივერსიტეტის XI ყოველწლიურ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე - „განათლება, მეცნიერება და ტექნოლოგიები მდგრადი მომავლისთვის“ - ხელოვნური ინტელექტის მომავალზე ისაუბრა.
ხათუნა ბურკაძემ აღნიშნა: „21-ე საუკუნეში, ციფრული ტრანსფორმაციის შედეგად ყველა საკვანძო მიმართულებით ციფრული მიღწევების დანერგვა ხდება. აღნიშნულმა გამოცდილებამ ცხადყო ტექნოლოგიების, მათ შორის ხელოვნური ინტელექტის როლი და მნიშვნელობა თანამედროვე რეალობაში. როგორც საჯარო, ასევე კერძო სფეროში, ავტომატიზებული მიდგომების გამოყენებით, შესაძლებელია მთელი რიგი მიზნებისა და ამოცანების განხორციელება დისტანციურად, მსოფლიოს სხვადასხვა სახელმწიფოდან. ციფრულ სამყაროში კონკრეტული საზღვრების გარეშე ფუნქციონირება კიდევ უფრო გლობალურ მნიშვნელობას ანიჭებს ციფრული გარდაქმნის პროცესს და საგრძნობლად ზრდის შესაძლებლობათა მასშტაბს. ციფრულ რეალობასთან ადაპტაციისათვის დღევანდელი მოცემულობა მოითხოვს გარკვეული ტრადიციული მიდგომების შეცვლას ყველა საკვანძო მიმართულებით (განათლება, ეკონომიკა, იუსტიციის სისტემა, ჯანდაცვა, აგრარული სფერო, ფინანსების მართვა, საგარეო პოლიტიკა, უსაფრთხოება და თავდაცვა, ტურიზმი, ენერგეტიკა). საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სწრაფი განვითარების ფონზე, საჭიროა ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ საკითხებზე კონცენტრირება, რომლებიც წარმოადგენენ ციფრული რევოლუციისა და ინოვაციური მიდგომების ხელშემწყობ საშუალებებს. მით უფრო, რომ „ჰუმანოიდი“ რობოტები შეძლებენ მთელი რიგი სპეციალობების ჩანაცვლებას, განსაკუთრებით განვითარების იმ ეტაპზე, როდესაც ხელოვნური ინტელექტი დიდი მოცულობის მონაცემების საფუძველზე ისწავლის, როგორ უზრუნველყოს ახალი ცოდნის გენერირება და შეძლოს, კონტექსტის ადეკვატურად გაანალიზების შედეგად, გადაწყვეტილების მიღება“.
„შემდგომი განვითარების ციკლი შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს საერთაშორისო ციფრული წესრიგის მთავარი ტენდენციების გამოსაკვეთად, რადგან ტრანსნაციონალური ტექნოლოგიური კომპანიებისა და შესაბამისი სახელმწიფო აქტორების დღის წესრიგი ორიენტირებულია ხელოვნური ინტელექტის გლობალურ შეჯიბრში უპირატესობის მოპოვებაზე. ეს კი მოითხოვს მეტად ინოვაციური, არაორდინალური ნაბიჯების გადადგმას ხელოვნური სუპერინტელექტის შექმნისათვის. ამ ინოვაციურ მარათონში გამარჯვებულებს ექნებათ რეალური გავლენა საერთაშორისო პროცესებზე, რაც პროპორციულად აისახება ყველა მნიშვნელოვან მიმართულებაზე, მათ შორის სახელმწიფოს შიგნითაც. მეტიც, ეს პროცესი გამოიწვევს არსებული გლობალური, რეგიონალური და ეროვნული სისტემების ტრანსფორმაციას“- დასძინა ხათუნა ბურკაძემ.
