ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაციის (EPLO) ოფისის ოფიციალური გახსნა

1 აგვისტო 2021

1- ელ აგვისტოს, EPLO-ს დირექტორის, პროფესორ სპირიდონ ფლოგაიტისის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, EPLO-ს რეგიონული წარმომადგენლობის ინაუგურაცია გაიმართა და თბილისში, EPLO-ს ოფისი ოფიციალურად გაიხსნა

 

საქართველოს მთავრობისა და ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაციის (EPLO) მიერ, საქართველოში EPLO-ს რეგიონული წარმომადგენლობის დაარსების გადაწყვეტილება მიღებული იქნა, ევროპულ ქვეყანათა თანამეგობრობაში საქართველოს გაერთიანების ხელშემწყობი, ინსტიტუციონალიზებული საგანმანათლებლო-კვლევითი კომპონენტის შექმნის მიზნით.

 

ღონისძიებას ესწრებოდნენ კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი კახა შენგელია, საქართველოში საბერძნეთის ელჩი დიმიტრიოს კარაბალისი, საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, ნუნუ მიცკევიჩი, კავკასიის სამართლის სკოლის დეკანი იოსებ ნანობაშვილი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები.

 

საქართველო EPLO-ში 2010 წელს გაწევრიანდა და უკანასკნელ წლებში ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის ამოცანების გათვალისწინებით, გააქტიურდა უკვე არსებული საერთაშორისო მექანიზმი, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოში ევროპული ფასეულობების განმტკიცებას, ევროპის საჯარო სამართლის პრინციპების და საჯარო მმართველობის საუკეთესო ევროპული პრაქტიკის დანერგვას.

 

წარმომადგენლობა, ევროპელი ექსპერტების, მეცნიერებისა და პრაქტიკოსების ჩართულობით, შექმნის ევროკავშირთან დაკავშირებული საკითხების რეგულარული, ფუნდამენტური და მიმდინარე კვლევის ფორმატს, რომელშიც ჩართულები იქნებიან აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის წევრი ქვეყნების, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნების, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მეცნიერ-მკვლევარები და პრაქტიკოსები. EPLO-ს ინსტიტუტების მონაწილეობით, შეიქმნება საგანმანათლებლო-ტრენინგ პროგრამები, მათ შორის EPLO-ს მიერ სერტიფიცირებული. პროგრამები საჯარო სამსახურის იმ საჭიროებებსა და გამოწვევებზე იქნება ორიენტირებული, რომლებიც საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს უკავშირდება.

 

წარმომადგენლობა ასევე წვლილს შეიტანს ქართულ საზოგადოებაში ევროპული ინტეგრაციის საკითხებზე საჯარო დისკუსიის პროფესიული და კვალიფიციური ფორმით წარმართვაში, რაც თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ევროპული ინტეგრაციის შესახებ დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლას. აქტიურად დაიგეგმება საჯარო ლექციები, დისკუსიები, სემინარები, მათ შორის EPLO-ს წევრი ქვეყნებისა და სხვა ადგილობრივი დიპლომატიური წარმომადგენლობების ჩართულობით.