10 დეკემბერს, კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, კახა შენგელიამ, ციურიხის უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის ვიცე-დეკანს, პროფესორ ანდრეა ბიუშლერს (Andrea Büchler) უმასპინძლა.
პროფესორის ვიზიტის მთავარ მიზანს წარმოადგენდა ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავება სამართლის საგანმანათლებლო პროგრამების მიმართულებით.
ვიზიტის ფარგლებში, გაცნობითი შეხვედრა გაიმართა უნივერსიტეტის პრეზიდენტთან, კახა შენგელიასთან, კავკასიის სამართლის სკოლის დეკანთან, სოფო შენგელიასთან და საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების დეპარტამენტის დირექტორთან, ირენა მელუასთან. შეხვედრის მსვლელობისას მხარეებმა ისაუბრეს თანამშრომლობის შესაძლებლობებზე.
სამუშაო შეხვედრა გაიმართა კავკასიის სამართლის სკოლის საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელებთანაც, პროფესორ ეკატერინე ქარდავასთან და პროფესორ ლევან მოსახლიშვილთან. მხარეები შეთანხმდნენ სტუდენტთა გაცვლის, აგრეთვე ერთობლივი მოკლევადიანი სტუდენტური და კვლევითი პროექტების განვითარებაზე სამართლის სკოლაში, ამასთან მხარეებმა ორმაგი ხარისხის პროგრამის განხორციელების შესაძლებლობები განიხილეს.
ციურიხის უნივერსიტეტი შვეიცარიის ერთ-ერთი გამორჩეული უნივერსიტეტია მისი მასშტაბით და ისტორიით. საგანმანათლებლო დაწესებულება 1833 წელს დაარსდა, დღეს მდგომარეობით კი 7 ფაკულტეტს აერთიანებს და მსოფლიო აკადემიური სივრცის მიერ აღიარებულია როგორც ერთ-ერთი საუკეთესო სამეცნიერო უნივერსიტეტი.