ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი CU-სა და ICDC-ის შორის

14 ოქტომბერი 2020
13 ოქტომბერს, კავკასიის უნივერსიტეტსა და ააიპ ინსტიტუციური და შესაძლებლობის განვითარების ცენტრს (ICDC) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
 
პროექტის „სტაჟირების და სამუშაო ადგილზე სწავლის შესაძლებლობის ხელშეწყობა სტუდენტებისთვის“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის USAID Economic Security Program (DAI) მხარდაჭერითა და „ინსტიტუციური და შესაძლებლობების განვითარების ცენტრის“ – ICDC მიერ.
 
პროექტის მიზანს წარმოადგენს ერთი მხრივ ახალგაზრდების სამუშაოსთვის საჭირო პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება და დასაქმების ხელშეწყობა სტაჟირების გზით, მეორე მხრივ კი, სხვადასხვა სექტორის კვალიფიციური ადამიანური რესურსით უზრუნველყოფა, ახალგაზრდებსა და დამსაქმებლებს შორის საქმიანი ურთიერთობების (ქსელის) განვითარება.
 
მემორანდუმის მიზანია უნივერსიტეტის მხრიდან სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისათვის პროექტში „სტაჟირების და სამუშაო ადგილზე სწავლის შესაძლებლობის ხელშემწყობა სტუდენტებისთვის“ მონაწილეობის მიღების მზაობა, ხოლო ICDC-ს მხრიდან სტაჟირების გზით მათი დარგობრივი კომპეტენციების განმტკიცება და სამუშაოსთვის საჭირო პრაქტიკული უნარების განვითარების ხელშეწყობა.
 
პროექტი ითვალისწინებს სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების სტაჟირების შესაძლებლობებს შემდეგ სექტორებში - ტურიზმის სექტორი, კრეატიული ინდუსტრიის სექტორი, მსუბუქი მრეწველობის სექტორი, ინტელექტუალური მომსახურების სექტორი და ასევე იმ სექტორებში, რომლებიც მნიშვნელოვანია ყველა ინდუსტრიის განვითარებისთვის: (საინფორმაციო და კომუნიკაციის ტექნოლოგია, ელექტრონული კომერცია- online გაყიდვები და სხვა, ასევე ტრანსპორტი და ლოჯისტიკა).
 
პროექტის ფარგლებში, სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა სტაჟირება გაიარონ საქართველოს 5 რეგიონში - თბილისი, იმერეთი, აჭარა, სამეგრელო, შიდა ქართლი.
 
მემორანდუმს ხელი მოაწერეს კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა კახა შენგელიამ და ინსტიტუციური და შესაძლებლობების განვითარების ცენტრის პრეზიდენტმა მაკა კუკავამ.