კავკასიის უნივერსიტეტის “ნიუ უესტმინსტერის კოლეჯი“ დაარსდა

16 ნოემბერი 2017

1 ნოემბერს, კავკასიის უნივერსიტეტის წესდების 41-ე მუხლის საფუძველზე უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, დოქტორმა კახა შენგელიამ თბილისში ხელი მოაწერა ბრძანება No. 07/01-11-ს, რის საფუძველზეც უნივერისტეტის სკოლებს ახალი კოლეჯი შეემატა.

 

„ნიუ უესტმინსტერის კოლეჯი“  პროფესორმა რობერტ გუდვინ III-მ, 2011 წლის 18 აგვისტოს ვანკუვერში (ბრიტანული კოლუმბია, კანადა) დააარსა კანადისა და ბრიტანული კოლუმბიის პროვინციის კანონმდებლობის შესაბამისად. კოლეჯის დაარსება უმაღლესი განათლების დარგის სპეციალისტებთან და პროფესორებთან ხანგრძლივი თანამშრომლობისა და კონსულტაციების შემდეგ გადაწყდა. 

 

„ნიუ უესტმინსტერის კოლეჯს“ გლობალური ქსელი აქვს, რომელიც 66 წამყვან ქვეყანას აერთიანებს. „ისინი იზიარებენ ჩვენს ხედვას და მხარში გვიდგანან ამ კოლეჯის წინსვლისა და წარმატების მიღწევის საქმეში“ - განაცხადა პროფესორმა რობერტ გუდვინ III-მ, „ნიუ უესტმინსტერის კოლეჯის“ მეურვეთა საბჭოს თავმჯდომარემ. „ჩვენს მეგობრებს შორის არიან, მსოფლიო ლიდერები (პრეზიდენტები და პრემიერ მინისტრები), სახელმწიფოთა მეთაურები, მინისტრთა კაბინეტების წევრები, 100 ქირურგი და ექიმი, 45 ელჩი, 100 გენერალი და ადმირალი, საფრანგეთისა და „ნასა-ს“ ასტრონავტები, მსოფლიო დონის მეცნიერები და პროფესორები, სენატორები, პარლამენტისა და კონგრესის წევრები, კომპანიების პრეზიდენტები და სხვა თავიანთი საქმის სრულყოფილი პროფესიონალები.“ -დასძინა მან.

 

„კავკასიის უნივერსიტეტის „ნიუ უესტმინსტერის კოლეჯის“ დაარსებით კავკასიის უნივერსიტეტის ისტორიაში ახალი თავი და მისი კიდევ უფრო მეტი წინსვლა დაიწყო“ - განაცხადა კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა პროფესორმა, დოქტორმა კახა შენგელიამ. „ძლიერი სამაგისტრო და აღმასრულებელი ოფიცრების პროგრამები კიბერუსაფრთხოებაში, ეთიკურ ლიდერობასა და დიპლომატიაში, რომლებსაც „ნიუ უესტმინსტერის კოლეჯი“ ახორციელებს, მეტად მნიშვნელოვანია ჩვენი სტუდენტების პროფესიული უნარებით აღსაჭურვად და ისეთი პროფესიების ასათვისებლად, რომლებზეც მაღალია მოთხოვნა დღეს მთელ მსოფლიოში“ - აღნიშნა მან.

 

კავკასიის უნივერსიტეტის „ნიუ უესტმინსტერის კოლეჯი“ კავკასიის უნივერსიტეტის კამპუსში, თბილისში განთავსდება.