2024 წლის, 28 თებერვალს, ერასმუს+ საქართველოს ეროვნული ოფისის ორგანიზებით, ჩატარდა ჟან მონეს საინფორმაციო დღე თბილისში.
ღონისძიება გაიმართა როგორც პირისპირი შეხვედრის, ასევე, დისტანციური ფორმატით. შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდში შეიკრიბნენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, ევროკავშირის ევროპული კომისიის ევროპული განათლებისა და კულტურის აღმასრულებელი სააგენტოს, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფიციალური პირები და საქართველოში ჟან მონეს აქტივობების განმახორციელებელი აკადემიური/სამეცნიერო პირები.
მოხსენებით წარსდგნენ ერასმუს+ ეროვნული ოფისის ხელმძღვანელი ქ-ნი მარიამ სულაშვილი, ფონდის გენერალური დირექტორი თეიმურაზ დოჭვირი, სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსი კახა ხანდოლიშვილი, ცენტრის დირექტორი ლაშა მარგიშვილი, ევროპული განათლებისა და კულტურის აღმასრულებელი სააგენტოს პროგრამების (EACEA) კოორდინატორი ედიტ გენშერი, ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენელი კატალინ ღერმანი.
ჟან მონეს აქტივობების, კერძოდ მოდულისა და კათედრის, განხორციელების გამოცდილება გააზიარეს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორმა ეკატერინე ქარდავამ, კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორმა გურანდა ჭელიძემ, თსუ-ს პროფესორმა კორნელი კაკაჩიამ და ილია სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა გიორგი გვალიამ.
დაისვა შეკითხვები ფონდში შეკრებილი, ასევე, დისტანციურად ჩართული მსმენელებისგან. მომხსენებლებმა ისაუბრეს ჟან მონეს პროექტის წარდგენის შინაარსობრივ, პრაქტიკულ, პროცედურულ, ფინანსურ და ტექნიკურ ასპექტებზე. მათ ასევე, გაუზიარეს და აცნობეს საზოგადოებას განხორციელებული/მიმდინარე ჟან მონეს აქტივობები, მიზნები, ამოცანები, კონკრეტული საქმიანობები; ისაუბრეს ევროპული სწავლების საქართველოში გაძლიერების შტრიხებსა და ჟან მონეს პროფესურის მჭიდრო თანამშრომლობის საჭიროებებზე.