Virtual Voyages: პირველი ვირტუალური გაცვლა - ფასილიტატორების მიღება

18 მაისი 2026

კავკასიის უნივერსიტეტი აცხადებს განაცხადების მიღებას Erasmus+ ინსტიტუციური განვითარების პროექტში - “Acquiring Transversal Competences through Virtual Voyages” ფასილიტატორის პოზიციაზე მონაწილეობის მისაღებად.

 

პროექტის მიზანია სტუდენტებისთვის საერთაშორისო და ინტერკულტურულ გარემოში ვირტუალური გაცვლის შესაძლებლობების შექმნა პლატფორმა thevoyage.eu-ის საშუალებით. ინიციატივა აერთიანებს სტუდენტებსა და ფასილიტატორებს რუმინეთიდან, იტალიიდან, თურქეთიდან, მოლდოვიდან, საქართველოდან, უკრაინიდან და სომხეთიდან, რათა ხელი შეუწყოს ინტერკულტურულ დიალოგს, აქტიურ მონაწილეობასა და თანამშრომლობით სწავლებას.

 

ფასილიტატორის ძირითადი მოვალეობებია:

 

  • ინკლუზიური და ინტერაქტიული ონლაინ სასწავლო გარემოს შექმნა;
  • სტუდენტების ჩართულობისა და თანამშრომლობის მხარდაჭერა;
  • მცირე ჯგუფური დისკუსიებისა და აქტივობების წარმართვა;
  • სტუდენტების მხარდაჭერა სასწავლო პროცესის განმავლობაში;
  • ინტერკულტურული, კომუნიკაციური და ციფრული კომპეტენციების განვითარება.

 

ვირტუალური გაცვლის პროგრამა მოიცავს როგორც სინქრონულ, ისე ასინქრონულ აქტივობებს. სინქრონული სესიები ჩატარდება ონლაინ ფორმატში, კვირაში დაახლოებით 5 საათის განმავლობაში, 6–10 კვირის მანძილზე (სავარაუდო პერიოდი: ივნისი–დეკემბერი, 2026). თითოეულ ფასილიტატორს ეყოლება 15–20 სტუდენტისგან შემდგარი ჯგუფი. პროგრამა სრულად ხორციელდება ონლაინ.

 

პროგრამის დაწყებამდე შერჩეული ფასილიტატორები გაივლიან სპეციალურ ონლაინ ტრენინგს, რომელიც მოიცავს:

 

  • thevoyage.eu პლატფორმისა და ციფრული ინსტრუმენტების გამოყენებას;
  • ონლაინ ფასილიტაციის მეთოდებს;
  • ჯგუფურ დინამიკასა და ინტერკულტურულ კომუნიკაციას;
  • კონფლიქტების მართვას;
  • არაფორმალური განათლების მეთოდებს;
  • ხელოვნური ინტელექტისა და სხვა ციფრული ინსტრუმენტების ინტეგრაციას სასწავლო პროცესში.

 

ტრენინგის ზუსტი თარიღი მონაწილეებს დამატებით ეცნობებათ.

 

პროგრამისა და ტრენინგის წარმატებით დასრულების შემდეგ მონაწილეები მიიღებენ Youthpass სერტიფიკატს.

 

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ფასილიტატორების გადამზადების ტრენინგი არ ფინანსდება. თუმცა, პროგრამის ფარგლებში სტუდენტებისთვის ჩატარებული სესიები ანაზღაურდება რეალურად შესრულებული სამუშაოს მიხედვით, უნივერსიტეტის მიერ განსაზღვრული ტარიფებისა და Erasmus+ პროგრამის სტანდარტების შესაბამისად.

 

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ დაადასტუროთ მონაწილეობა და შეავსოთ მითითებული ბმულით მოცემული კითხვარი.