9 ნოემბერს, 17:00 საათზე, გაიმართება კავკასიის უნივერსიტეტის „საქართველოს შემსწავლელი საერთაშორისო კვლევის ცენტრის“ მიერ ორგანიზებული საჯარო შეხვედრა და წიგნის პრეზენტაცია კავკასიის უნივერსიტეტის შიდა საუნივერსიტეტო გრანტის ფარგლებში დაფინანსებული კვლევის ავტორებთან ნანა შარიქაძე - კავკასიის უნივერსიტეტის აფილირებული ასოც. პროფ: ეკა კიკნაძე - შ. რუსთაველის სახელობის სახ. უნივერსიტეტის ასოც. პროფ. „ვორონცოვის კუოტურის პოლიტიკა: “ევროპეოზაციის“ რუსული გეგმა საქართველოში.
შეხვედრა ჩატარდება კავკასიის უნივერისტეტის წიგნის მაღაზიაში ლიბრარეაში.
მონოგრაფია ეძღვნება მიხეილ ვორონცოვის მმართველობის პერიოდს საქართველოში და იკვლევს XIX საუკუნის შუა ხანების კულტურულ გარდაქმნებს რუსეთის იმპერიული პოლიტიკის კონტექსტში. თეატრი და ოპერა, პრესა და განათლება, რელიგიური და სალონური სივრცეები, ქალაქის გარემო და ვიზუალური კულტურა არა მხოლოდ მოდერნიზაციასა და ევროპული კულტურის გავრცელებას უკავშირდებოდა, არამედ იმპერიული პოლიტიკისა და მმართველობის იარაღიც იყო.
მონოგრაფია ამ პროცესებს კოლონიური და პოსტკოლონიური კვლევების პერსპექტივიდან განიხილავს, აანალიზებს მათ ეპისტემურ, ინსტიტუციურ და სივრცით განზომილებებს და სვამს კითხვას: როგორ შეიძლება კულტურა ერთდროულად ქმნიდეს ახალ შესაძლებლობებს და ემსახურებოდეს პოლიტიკური გავლენის გაძლიერებასა და იმპერიულ ინტეგრაციას.
ავტორთა მოკლე ბიოგრაფია:
ნანა შარიქაძე - მუსიკოლოგი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, კავკასიის უნივერსიტეტის აფილირებული აკადემიური პერსონალი. მისი სამეცნიერო ინტერესები მოიცავს მუსიკისა და პოლიტიკის ურთიერთმიმართებას, საბჭოთა მუსიკას, კულტურის პოლიტიკასა და იმპერიულ/კოლონიურ მემკვიდრეობას. მისი კვლევები განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ქართული მუსიკის ისტორიისა და კულტურის საკითხებს ფართო აღმოსავლეთევროპულ, რუსულ და პოსტსაბჭოთა კონტექსტებში.
ეკა კიკნაძე - ხელოვნებათმცოდნე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის აფილირებული აკადემიური პერსონალი. მისი სამეცნიერო ინტერესებია XIX–XX საუკუნეების ქართული ხელოვნება, ხელოვნებისა და იდეოლოგიის ურთიერთმიმართება იმპერიულ და საბჭოთა ეპოქებში, კულტურის პოლიტიკა, კოლონიური კვლევები, აგრეთვე მუზეუმებისა და სამუზეუმო კოლექციების ისტორია.
პრეზენტაციაზე დასწრების მსურველებმა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია მითითებულ ბმულზე.
