არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის კომენტარების პირველი სახელმძღვანელოს პრეზენტაცია

12 იანვარი 2026

12 იანვარს, 18:00 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტის წიგნის მაღაზია ლიბრარეაში, დაგეგმილია არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის კომენტარების პირველი სახელმძღვანელოს პრეზენტაცია.

 

1 იანვრიდან, საქართველოში ამოქმედდა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი, რომელმაც რეალურად შეცვალა ბავშვების აღქმა და მათდამი დამოკიდებულება საზოგადოებაში, განსაკუთრებით კი, ამ სფეროში მომუშავე სუბიექტების თვალში. საზოგადოებამ გააცნობიერა, რომ ბავშვები არიან განსაკუთრებული უფლებების მქონე ადამიანები, რომლებსაც განსხვავებული ზრუნვა და დაცვა სჭირდებათ. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში, როგორც მხარეები, ისე საქმის განმხილველი მოსამართლე, უპირველეს ყოვლისა, ბავშვის უფლებების დაცვაზე უნდა იყვნენ ორიენტირებულნი და მათი უფლებების დაცვა უნდა იყოს მთავარი პრიორიტეტი მართლმსაჯულების სისტემაში მონაწილეობის მთლიან პროცესში.

 

კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის აფილირებული პროფესორის, მოსამართლე ლევან დარბაიძის ხელმძღვანელობით შედგენილი პროექტის ფარგლებში, რომელმაც შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2023 წლის ფუნდამენტური კვლევების კონკურსში გაიმარჯვა, პირველად საქართველოში,  ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით, შეიქმნა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის კომენტარები. აღნიშნული სახელმძღვანელო,  საგანმანათლებლო და პრაქტიკული თვალსაზრისით, მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევს სტუდენტებს, პრაქტიკოს იურისტებსა და ბავშვის უფლებებით დაინტერესებულ ნებისმიერ სხვა პირებს. 

 

გამარჯვებული პროექტის ფარგლებში, შემუშავდა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის კომენტარები, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს საქართველოს სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მოქმედმა მოსამართლეებმა, ასევე ავსტრიელმა მოსამართლემ, გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის ყოფილმა ვიცე პრეზიდენტმა - რენატე ვინტერმა. სახელმძღვანელოში მოცემულია ერთობლივად,  ყველა უფლებრივ თუ პროცესუალურ საკითხზე დეტალური კომენტარი.  

 

კვლევაში განხილულია:

 

  • არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროში არსებული საერთაშორისო კანონმდებლობის ანალიზი (ბავშვის უფლებათა კონვენცია, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების მინიმალური სტანდარტული წესები, ე.წ. „პეკინური წესები“, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პრინციპები, ე.წ. „რიადის პრინციპები“); 
  • ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებების და საერთო სასამართლოების განაჩენთა ანალიზი;
  • არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მუხლობრივი კომენტარი.

 

აღნიშნული სახელმძღვანელო, როგორც ძირითადი ლიტერატურა, პირველ რიგში გამოადგება იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებს, რომელთათვის არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება ერთ-ერთ სასწავლო საგანს წარმოადგენს, ასევე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში ჩართულ სპეციალიზირებულ პირებს - პოლიციელებს, გამომძიებლებს, პროკურორებს, მოსამართლეებს, ბავშვების მშობლებს, სოციალურ მუშაკებს, ფსიქოლოგებს, მასწავლებლებს და ა.შ., რომლებსაც უშუალო შეხება აქვთ ბავშვებთან და  დაინტერესებულნი არიან ამ სფეროში დადგენილი სხვადასხვა სამართლებრივი საკითხით.    

 

პრეზენტაციაზე დასწრების მსურველებმა, გთხოვთ, 2026 წლის 8 იანვრამდე გაიაროთ რეგისტრაცია მითითებულ ბმულზე.