ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს პრე-აქსელერაციის პროგრამა რაჭა-ლეჩხუმის, კახეთის, სამცხე-ჯავახეთის, აჭარის, სვანეთის, მცხეთა-მთიანეთის, იმერეთის რეგიონებში, წარმოადგენს რეგიონული ინოვაციური ეკოსისტემის გაძლიერებაზე ორიენტირებულ ინიციატივას, რომლის მიზანია ინოვაციური და ტექნოლოგიური მეწარმეობის ხელშეწყობა, სტარტაპ კულტურის განვითარება და რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდების, მეწარმეებისა და ინოვაციური იდეების ავტორების მხარდაჭერა.
პროგრამა მონაწილეებს სთავაზობს ოთხკვირიან ინტენსიურ სასწავლო და პრაქტიკულ კურსს, რომელიც აერთიანებს თანამედროვე სტარტაპ მეთოდოლოგიებს, მენტორინგს, გუნდურ მუშაობასა და პრაქტიკულ დავალებებს. კურსის ფარგლებში მონაწილეები ეტაპობრივად გადიან სტარტაპის განვითარების ძირითად საფეხურებს - პრობლემისა და გადაწყვეტის იდენტიფიცირებიდან და იდეის ვალიდაციიდან, მომხმარებლის კვლევის, ბიზნეს მოდელის ფორმირების, MVP-ისა და პროტოტიპის შექმნის, ბაზარზე გასვლის სტრატეგიისა და საინვესტიციო პრეზენტაციის მომზადების ჩათვლით. პრე-აქსელერაციის პროგრამა მონაწილეებს დაეხმარება საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს რეგიონული, 25 000 ლარიანი საგრანტო კონკურსისთვის მომზადებაში.
პროგრამის მნიშვნელოვანი კომპონენტია თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ხელოვნური ინტელექტის (AI) ინსტრუმენტების ინტეგრირება სასწავლო პროცესში, რაც მონაწილეებს საშუალებას აძლევს გაეცნონ ინოვაციური პროდუქტების შექმნის თანამედროვე მიდგომებს, გაზარდონ საკუთარი იდეების განვითარების ეფექტიანობა და შეიძინონ ციფრული მეწარმეობისთვის აუცილებელი პრაქტიკული უნარები.
სასწავლო პროცესი ეფუძნება „სწავლას კეთებით“ (Learning by Doing) პრინციპს და მოიცავს როგორც თეორიულ ლექციებს, ასევე პრაქტიკულ სამუშაო შეხვედრებს, ინდივიდუალურ მენტორინგსა და მუდმივ უკუკავშირს. პროგრამაში ჩართული მენტორები მონაწილეებს უზიარებენ როგორც პროფესიულ ცოდნას, ასევე რეალურ გამოცდილებას სტარტაპებისა და ინოვაციური ბიზნესების განვითარების მიმართულებით.
პროგრამის დასკვნით ეტაპს წარმოადგენს დემო დღე, სადაც მონაწილე გუნდები წარადგენენ საკუთარი სტარტაპ იდეების განვითარებულ ვერსიებსა და მიღწეულ შედეგებს. აღნიშნული ფორმატი ხელს უწყობს მონაწილეთა საპრეზენტაციო და საკომუნიკაციო უნარების განვითარებას, მათ პროფესიულ დაკავშირებას ინოვაციური ეკოსისტემის წარმომადგენლებთან და მომდევნო განვითარების შესაძლებლობების იდენტიფიცირებას.
პროექტის გრძელვადიანი მიზანია რეგიონებში ინოვაციური მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა, ადგილობრივი ტალანტების აღმოჩენა და გაძლიერება, ახალი სტარტაპების ჩამოყალიბების მხარდაჭერა და ქვეყნის მასშტაბით ინოვაციური ეკოსისტემის გაფართოება. პროგრამა ასევე ემსახურება რეგიონული ახალგაზრდების, მეწარმეებისა და ინოვატორების ჩართულობის გაზრდას ტექნოლოგიურ და სამეწარმეო საქმიანობაში, რაც ხელს უწყობს ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის განვითარებასა და რეგიონების კონკურენტუნარიანობის ზრდას.
პროგრამის შედეგად მონაწილეები იღებენ არა მხოლოდ თეორიულ ცოდნას, არამედ პრაქტიკულ გამოცდილებას, რომელიც მათ საშუალებას აძლევს საკუთარი იდეები გარდაქმნან სიცოცხლისუნარიან სტარტაპ კონცეფციებად, მოემზადონ საინვესტიციო და საგრანტო შესაძლებლობებისთვის და აქტიურად ჩაერთონ ადგილობრივ და საერთაშორისო ინოვაციურ პროგრამებში.
პროექტს ახორციელებს კავკასიის უნივერსიტეტის ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრი.
პრე-აქსელერაციის პროგრამის განხორციელების ვადები:
- რაჭა ლეჩხუმი | ივნისი - ივლისი, 2026
- სვანეთი | ივნისი - ივლისი, 2026
- კახეთი | ივნისი - ივლისი, 2026
- მცხეთა-მთიანეთი | ივნისი - ივლისი, 2026
- სამცხე-ჯავახეთი | სექტემბერი- ოქტომბერი, 2026
- აჭარა | ნოემბერი- დეკემბერი, 2026
- იმერეთი | ნოემბერი - დეკემბერ , 2026
