15-17 ივნისს, სასკოლო ღონისძიება “Start-up Weekend Youth Tbilisi” გაიმართა, რომელშიც სხვადასხვა სკოლის 50-მდე მოსწავლე იყო ჩართული. Google-ის საერთაშორისო პროექტი 3 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, იქამდე კი მონაწილეები სპიკერებსა და მენტორებს შეხვდნენ და სტარტაპ იდეის განხორციელებისთვის მოსამზადებელი ვორკშოპები გაიარეს.
პროექტის ფარგლებში გამოვლინდა გამარჯვებული გუნდი, რომელიც სხვადასხვა პრიზით დაჯილდოვდა, მათ შორის 1000 ლარიანი სასწავლო ვაუჩერით კავკასიის უნივერსიტეტისგან, რომელიც მომავალ სტუდენტებს, კავკასიის უნივერსიტეტში ჩაბარების შემთხვევაში სწავლის საფასურს დააფინანსებს. გამარჯვებულები გახდნენ: ანანო ნაროუშვილი, ანი თამაზაშვილი, გვანცა მიშელაძე, იანორ ბედია, ნინი აბესაძე და ერეკლე ბრეგაძე. პროექტში ჩართულ ყველა მოსწავლეს ღონისძიებაში მონაწილეობის სერტიფიკატები გადაეცათ.
მოსწავლეებმა მათ მიერვე წარმოდგენილი ინოვაციური იდეების ირგვლივ სამუშაო ჯგუფები შექმნეს, მათ დახმარებას ბიზნესის სფეროში წარმატებული ადამიანები უწევდნენ. ისინი მოსწავლეებს თავიანთ გამოცდილებას უზიარებდნენ და მუშაობის პროცესში რჩევებს აძლევდნენ. მენტორებისა და მომხსენებლების ჩართულობა მონაწილეებს თავიანთი იდეების დახვეწაში და მოკლე პრეზენტაციის ფორმატში ჟიურის წინაშე წარმოდგენაში დაეხმარება. ვორკშოპებში ჩართული იყო კავკასიის უნივერსიტეტის სტარტაპ აქსელერატორი C10.
სკოლა XXI საუკუნემ, ახალგაზრდა მეწარმეთა გლობალურ ორგანიზაციასთან თანამშრომლობით, Google-ის საერთაშორისო პროექტი სკოლის მოსწავლეებისთვის საქართველოში პირველად განახორციელა, რაც მიზნად ისახავს მოსწავლეებში ინოვაციური, შემოქმედებითი და სამეწარმეო უნარების განვითარებას.