„CUnicorn”-ის (II ნაკადი) მონაწილე სტარტაპი „Sait” GITA-ს კონკურსის გამარჯვებულია

3 ივნისი 2024

კავკასიის უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლის კურსდამთავრებულის, ლევან მერებაშვილისა და მისი გუნდის  სტარტაპი „Sait”, რომელიც ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის სტარტაპ პრე-აქსელერაციის პროგრამა „CUnicorn”-ის (II ნაკადი) მონაწილე სტარტაპია, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) 150 000 ლარიანი საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია.

 

“ Sait” - ონლაინ სამოგზაურო აგრეგატორია, რომელიც აადვილებს ავიახაზების, ავტობუსების, მიკროავტობუსების, მატარებლებისა და კერძო ტრანსფერების ბილეთების მოძიებას, შედარებას და შეძენას სატრანსპორტო პროვაიდერების ერთ ონლაინ სივრცეში ინტეგრირებით.

 

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 150 000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამა 2024 წლის 14 თებერვალს მეთორმეტედ გამოცხადდა.

 

აღნიშნული პროგრამის მიზანია საქართველოში საერთაშორისო პოტენციალის მქონე ინოვაციური პროდუქტებისა და მომსახურების შემუშავება, მათი კომერციალიზაცია და ინოვაციური საწარმოების შექმნის სტიმულირება.

 

პროგრამის გამარჯვებული 20 სტარტაპი, საინვესტიციო კომიტეტმა გამოავლინა, რომელიც დაკომპლექტებულია მაღალი დონის საერთაშორისო ვენჩურული ინვესტორების მიერ.