ჩაფიძის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის, კავკასიის უნივერსიტეტის და ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის ნაშრომი ევროპულ ჟურნალში გამოქვეყნდა

13 ივლისი 2026

საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალში „Archives of the Balkan Medical Union“ გამოქვეყნდა ჩაფიძის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის, ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის და კავკასიის უნივერსიტეტის ერთობლივი  კვლევა “DIFFERENTIAL INFLAMMATORY RESPONSES TO INTERLEUKIN-6 BLOCKADE IN SEVERE COVID-19: INSIGHTS FROM BIOMARKER TRAJECTORIES".

 

ნაშრომის ავტორები არიან: ლელა კოპალეიშვილი,  ალექსანდრე გოგინავა, ვახტანგ სართანია, თემურ პეტრიაშვილი, პაატა ვეფხვაძე, თენგიზ ვერულავა, ავთანდილ ჯორბენაძე, თენგიზ ცერცვაძე.

 

აღსანიშნავია, რომ კვლევის თანაავტორებს შორის არიან ქართული მედიცინის გამორჩეული წარმომადგენლები: ავთანდილ ჯორბენაძე და თენგიზ ცერცვაძე. აღნიშნული პუბლიკაცია მათი ერთ-ერთი ბოლო სამეცნიერო ნაშრომია. COVID-19-ის პანდემიის პერიოდში მათ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ეპიდემიასთან ბრძოლის, სამედიცინო სერვისების ორგანიზებისა და პაციენტების მკურნალობის პროცესში. მათი უშუალო პროფესიული და ორგანიზაციული ჩართულობა მნიშვნელოვანი იყო მრავალი პაციენტის სიცოცხლის შესანარჩუნებლად და ქვეყანაში COVID-19-ით დაავადებულთა ეფექტიანი მკურნალობისთვის აუცილებელი პირობების შესაქმნელად.

 

სტატიის ბმული.

 

Kopaleishvili L, Goginava A, Sartania V, Petriashvili T, Vepkhvadze P, Verulava T, Jorbenadze A, Tsertsvadze T. Differential inflammatory responses to interleukin-6 blockade in severe COVID-19: insights from biomarker trajectories. Arch Balk Med Union. 2026;61(2):157-164. https://doi.org/10.31688/ABMU.2026.61.2.03

 

ჟურნალი „Archives of the Balkan Medical Union“ ინდექსირებულია SCOPUS-ის საერთაშორისო სამეცნიერო ბაზაში.

 

კვლევა განხორციელდა კავკასიის უნივერსიტეტის, ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის და აკადემიკოს გ. ჩაფიძის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის თანამშრომლობით. ისინი მრავალი წელია თანამშრომლობენ ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტების ფარგლებში, რაც ადასტურებს მათ მტკიცე პარტნიორობას კლინიკური კვლევისა და აკადემიური საქმიანობის მიმართულებით.

 

რეზიუმე:

 

კვლევაში გაანალიზდა საქართველოში მძიმე ფორმის COVID-19-ით ჰოსპიტალიზებული პაციენტების ანთებითი ბიომარკერების ცვლილებები ტოცილიზუმაბით მკურნალობის შემდეგ.

 

კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ მკურნალობის შემდეგ C-რეაქტიული ცილის დონე მნიშვნელოვნად შემცირდა, ხოლო ინტერლეიკინ-6-ის დროებითი მატება პრეპარატის მოქმედების მოსალოდნელ ფარმაკოდინამიკურ მექანიზმს ასახავდა. ამასთან, ფერიტინისა და ლაქტატდეჰიდროგენაზის ხანგრძლივად მომატებული დონე არახელსაყრელ კლინიკურ გამოსავლებთან შესაძლო კავშირზე მიუთითებდა.

 

კვლევა ხაზს უსვამს მძიმე COVID-19-ის მკურნალობისას ბიომარკერებზე დაფუძნებული, ინდივიდუალიზებული იმუნომოდულაციური თერაპიის მნიშვნელობას.