კავკასიის ბიზნესის სკოლამ AACSB-ის აკრედიტაციის ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი წარმატებით გაიარა. აკრედიტაციის პროცესის ფარგლებში, კავკასიის ბიზნესის სკოლამ მოამზადა თვითშეფასების ანგარიში, რომელიც AACSB-ის აკრედიტაციის საბჭომ განიხილა, უპირობოდ მიიღო და დადებითად შეაფასა.
აკრედიტაციის საბჭოს შეეძლო მიეღო შემდეგი გადაწყვეტილებები:
- თვითშეფასების ანგარიშის უპირობოდ მიღება და სკოლის შემდეგ ეტაპზე გადაყვანა
- ანგარიშის მოდიფიცირების მოთხოვნა, რის შემთხვევაშიც სკოლა კიდევ ერთხელ ჩააბარებდა დოკუმენტს
- სკოლის აკრედიტაციის პროცესიდან გარიცხვა
ამ გადაწყვეტილებებს შორის, კავკასიის ბიზნესის სკოლამ, საბჭოსგან სრული შესაბამისობა მიიღო და პროცესი უხარვეზოდ გაიარა.
კავკასიის უნივერსიტეტი პირველი საგანმანათლებლო დაწესებულებაა მთელს რეგიონში, რომელიც AACSB-ის აკრედიტაციის პროცესის ამ ეტაპზე იმყოფება.
AACSB-ი მსოფლიოში ყველაზე დიდი და ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რეპუტაციის მქონე გლობალური სააკრედიტაციო ორგანიზაციაა, რომელიც ხელს უწყობს ახალი თაობის ბიზნესის ლიდერების, განმანათლებლების და უმაღლესი განათლების სასწავლებლების განვითარებას. AACSB-ის აკრედიტაცია არის ხარისხის უმაღლესი სტანდარტი, რომელიც მსოფლიო ბიზნესის სკოლების საუკეთესო 5% პროცენტს აერთიანებს.
AACSB-ის საერთაშორისო ასოციაცია აერთიანებს განათლების სექტორს, სტუდენტებსა და ბიზნესის წარმომადგენლებს. კავკასიის უნივერსიტეტი AACSB-ის წევრი 2016 წელს გახდა, 2018 წელს კი მოიპოვა აკრედიტაციის პროცესის დაწყების უფლება.
ეს ფაქტი არამხოლოდ კავკასიის უნივერსიტეტის, არამედ მთელი ქვეყნის წარმატება და განათლების სისტემაში შეტანილი დიდი წვლილია. AACSB-ის აკრედიტაცია მთელს მსოფლიოშია აღიარებული, შესაბამისად, ბიზნესის განათლების გაერთიანების წევრობის შემთხვევაში, საგანმანათლებლო ორგანიზაცია ხდება ნაწილი მოძრაობის, რომელიც მსოფლიოში ბიზნესის ხარისხის გაუმჯობესებას უწყობს ხელს.