ვორქშოფი - საჯარო მონაცემების ხელმისაწვდომობა კვლევის ერთ-ერთი მეთოდი

20 სექტემბერი 2024

19 სექტემბერს, მიმდინარე პროექტის - საჯარო მმართველობის პროგრამების გაძლიერება კავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლაში ფარგლებში, გაიმართა ვორქშოფი “საჯარო მონაცემების ხელმისაწვდომობა, როგორც კვლევის ერთ-ერთი მეთოდი”. ღონისძიებას კავკასიის უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვის სკოლის საჯარო მმართველობის პროგრამების სტუდენტები, კურსდამთავრებულები და ლექტორები ესწრებოდნენ. ვორქშოფი ეხებოდა მონაცემთა ხელმისაწვდომობას, იურიდიულ და პრაქტიკულ მიმართულებებს, რამაც მონაწილეებს მისცა ღირებული ცოდნა იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება საჯარო ინფორმაციის გამოყენება კვლევის ერთ-ერთ მეთოდად.

 

ღონისძიებას უძღვებოდა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) თანადამფუძნებელი ლევან ავალიშვილი, ტრენერმა წარმოადგინა ქვეყნის საჯარო მონაცემების ხელმისაწვდომობის მარეგულირებელი სამართლებრივი ჩარჩოს სიღრმისეული კვლევა და განიხილა როგორ ხორციელდება აღნიშნული კანონები პრაქტიკაში. მონაწილეები გაეცნენ სხვადასხვა ტიპის საჯარო ინფორმაციას, რომლის გამჟღავნების ვალდებულება აქვთ ინსტიტუციებს და გაეცნენ კვლევის მიზნებისთვის აღნიშნული ინფორმაციის მოპოვების ძირითად გამოწვევებს.

 

ასევე, ვორქშოფზე  განხილული იყო სხვა ქვეყნების საუკეთესო გამოცდილება, პრაქტიკული მაგალითები და პრობლემის გადაჭრის გზები, რომელსაც შეუძლია გააუმჯობესოს საჯარო მონაცემების ეფექტური გამოყენება. საჯარო მმართველობის მიმართულების მონაწილე სტუდენტები და პროფესორები ჩაერთნენ დისკუსიებში მონაცემების გამოყენების აკადემიური კვლევების თაობაზე.

 

პროექტის მხარდამჭერია USAID-ის საჯარო მმართველობის პროგრამა. პროექტის მიზანია მაღალკვალიფიციური საჯარო მმართველობის პროგრამის კურსდამთავრებულების აღზრდა, რომლებსაც ექნებათ თანამედროვე ცოდნა და უმაღლესი პროფესიული სტანდარტები. პროექტის აქტივობები ითვალისწინებს კურიკულუმისა და სილაბუსების განახლებას, პროფესიულ სემინარებს და ახალგაზრდულ კონფერენციას.