23 სექტემბერს, კავკასიის უნივერსიტეტში გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე - „კაპიტალიზმი დანაშაულის განცდის გარეშე: თავისუფალი ბაზრების მორალური საფუძველი“. ლექცია ჩაატარა დოქტორმა იარონ ბრუკმა - ავტორმა, ეკონომისტმა, მეწარმემ და საერთაშორისო მასშტაბით აღიარებულმა სპიკერმა.
ღონისძიებას მასპინძლობდნენ კავკასიის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის დეკანი ელენე ჯღარკავა და ბიზნესის სკოლის აფილირებული პროფესორი აზერ დილანჩიევი.
ლექციის ფარგლებში, დოქტორმა ბრუკმა მიმოიხილა კაპიტალიზმის ეკონომიკური და მორალური საფუძვლები და ყურადღება გაამახვილა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა ინდივიდუალური თავისუფლება, კერძო საკუთრება, მეწარმეობა და თავისუფალი ბაზრები. საუბარი ასევე შეეხო აღნიშნული პრინციპების კავშირს ინოვაციასთან, ეკონომიკურ კეთილდღეობასა და ადამიანურ პროგრესთან.
დისკუსიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება იყო თანამედროვე ეკონომიკური დებატები. მონაწილეებმა განიხილეს ეკონომიკური უთანასწორობის, სახელმწიფო რეგულირებისა და ეკონომიკურ პროცესებში სახელმწიფოს როლის საკითხები.
ღონისძიება კითხვა-პასუხის სესიით დასრულდა, რომლის ფარგლებშიც დამსწრეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, სპიკერისთვის მათთვის საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით კითხვები დაესვათ და განხილულ თემებზე ღია დისკუსიაში ჩართულიყვნენ.
