კავკასიის უნივერსიტეტის დელეგაცია, სტრატეგიულ პარტნიორს, რენის ბიზნესის სკოლას (საფრანგეთი) ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში კიდევ ერთხელ ეწვია.
ვიზიტის ფარგლებში უნივერსიტეტის პრეზიდენტს კახა შენგელიას, ვიცე-პრეზიდენტებს: ირენა მელუასა და ხატია გოგლიძეს, ასევე, ბიზნესის სკოლის დეკანს ელენე ჯღარკავას რენის ბიზნესის სკოლის დირექტორმა, ადილსონ ბორჰესმა უმასპინძლა.
ვიზიტის მიზანი ბიზნეს სკოლებს შორის არსებული სტრატეგიულად მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა გახლდათ, მათ შორის არსებული თანამშრომლობის გაღრმავება და ახალი ერთობლივი ინიციატივებისა და პროექტების ინიცირება.
სამუშაო შეხვედრები გაიმართა განვითარების და მარკეტინგის დეპარტამენტის დირექტორთან, სტეფანია ჰიუმეტთან, საერთაშორისო ოფისის ხელმძღვანელთან, კაროლინ ჟუანენს, ბიზნესის პროგრამების ხელმძღვანელთან და სხვა მნიშვნელოვან სტრუქტურულ ერთეულებთან, რომლებიც ჩართულნი არიან ერთობლივი საბაკალავრო პროგრამის განხორციელების პროცესში.
ასევე, შეხვედრა გაიმართა ბიზნესის ადმინისტრირების ერთობლივი 3 წლიანი პროგრამის პირველი მიღების სტუდენტებთან, რომლებიც პროგრამის მე-3 წელს რენში აგრძელებენ სწავლას. CU-ის წარმომადგენლებმა და სტუდენტებმა განიხილეს ერთობლივი პროგრამის დეტალები და მიმდინარე სიახლეები.
კავკასიის უნივერსიტეტი და რენის ბიზნესის სკოლა 2022 წლიდან ქართველ და უცხოელ სტუდენტებს სთავაზობს ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო სივრცეში პირველ აკრედიტირებულ ერთობლივ სამწლიან საბაკალავრო პროგრამას ბიზნესის ადმინისტრირებაში. პროგრამის დასრულების შემდგომ სტუდენტი იღებს ორ დიპლომს/კვალიფიკაციას – ერთს კავკასიის უნივერსიტეტისგან, ხოლო მეორეს რენის ბიზნესის სკოლისგან.
აღსანიშნავია, რომ რენის ბიზნესის სკოლა არის ერთ-ერთი წამყვანი სკოლა საფრანგეთსა და ევროპაში, მოწინავე ადგილს იკავებს იმ მაღალრეიტინგული ბიზნესის სკოლების სიაში, რომლებსაც აქვთ სამმაგი აკრედიტაცია საერთაშორისო აკრედიტაციების სააგენტოებისგან: AACSB, EQUIS და AMBA.
კავკასიის უნივერსიტეტი ინტერნაციონალიზაციის პროცესის წარმატებით უზრუნველსაყოფად აგრძელებს რენის ბიზნესის სკოლასთან აქტიურ თანამშრომლობას, რომელიც ქართველ და უცხოელ სტუდენტებს ახალ საერთაშორისო შესაძლებლობებს უქმნის.