კავკასიის უნივერსიტეტის კვლევითმა პროექტმა „იშვიათი ნევროლოგიური დაავადებების რეაბილიტაციის სერვისებზე ხელმისაწვდომობის შეფასება საქართველოში“ მოიპოვა დაფინანსება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადებულ მაგისტრანტთა სასწავლო-კვლევითი პროექტების გრანტების კონკურსში.
კავკასიის უნივერსიტეტის მიერ წარდგენილი პროექტი შერჩეულ იქნა კონკურსის ფარგლებში დაფინანსებული 44 გამარჯვებულ პროექტს შორის.
კვლევითი პროექტის ავტორია კავკასიის უნივერსიტეტის მაგისტრანტი ხატია სილაქაძე, სამეცნიერო ხელმძღვანელი — პროფესორი თენგიზ ვერულავა.
პროექტის მიზანია საქართველოში იშვიათი ნევროლოგიური დაავადებების მქონე პაციენტებისთვის რეაბილიტაციის სერვისებზე ხელმისაწვდომობის შეფასება, არსებული სისტემური ბარიერების იდენტიფიცირება და ანალიზი, ასევე მათი შედარება მაღალგანვითარებული ქვეყნების გამოცდილებასთან. კვლევის საფუძველზე შემუშავდება მტკიცებულებებზე დაფუძნებული რეკომენდაციები სახელმწიფო პოლიტიკისა და დაფინანსების მექანიზმების გაუმჯობესებისთვის.
პროექტის შედეგები გამოქვეყნდება საერთაშორისო რეფერირებად სამეცნიერო ჟურნალში, ასევე წარმოდგენილი იქნება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე. დამატებით, პოლიტიკის შემქმნელებისა და ჯანდაცვის ადმინისტრატორებისთვის მომზადდება პრაქტიკაზე ორიენტირებული ანალიტიკური დოკუმენტი. პროექტის ფარგლებში ასევე იგეგმება პოლიტიკის ფორუმის ორგანიზება ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლებისა და აკადემიური საზოგადოების მონაწილეობით, რაც ხელს შეუწყობს კვლევის შედეგების პრაქტიკულ დანერგვას.
