კავკასიის უნივერსიტეტი წარმოდგენილია QS World University Rankings by Region 2026-ის რანჟირებაში, რომელიც უნივერსიტეტების ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ და გავლენიან საერთაშორისო რანჟირებად ითვლება. კავკასიის უნივერსიტეტმა ევროპის რეგიონში 656-ე ადგილი, ხოლო დასავლეთ აზიის რეგიონში 67-ე ადგილი დაიკავა. აღნიშნულ რანჟირებაში წელს 9 ქართული უნივერსიტეტია წარმოდგენილი. კავკასიის უნივერსიტეტი მესამე ადგილზეა ქართულ უნივერსიტეტთა შორის.
QS World University Rankings არის უნივერსიტეტების რანჟირების სისტემა, რომელიც შემუშავებულია Quacquarelli Symonds (QS)-ის მიერ. QS უნივერსიტეტებს აფასებს საერთაშორისო, რეგიონულ, საგნის და საგანმანათლებლო პროგრამების დონეზე მათი რეპუტაციის, კვლევითი საქმიანობის, დასაქმების დონისა და საერთაშორისო ჩართულობის მიხედვით. აღნიშნული მიმართულებები ფასდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით: აკადემიური რეპუტაცია, სამეცნიერო სტატიების ციტირების მაჩვენებელი, აკადემიური პერსონალის მიერ გამოქვეყნებული სტატიების რაოდენობა, დამსაქმებლთა შორის რეპუტაცია, დასაქმების მაჩვენებელი, სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის თანაფარდობა, საერთაშორისო კვლევების ქსელი, საერთაშორისო აკადემიური პერსონალის რაოდენობა, საერთაშორისო სტუდენტების მრავალფეროვნება, გაცვლითი პროგრამით უნივერსიტეტში ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა, უნივერსიტეტიდან სხვა უნივერსიტეტში გაცვლითი პროგრამ(ებ)ით წასული სტუდენტების რაოდენობა, და მდგრადობა.
კავკასიის უნივერსიტეტს განსაკუთრებით მაღალი მაჩვენებლები აქვს შემდეგ მიმართულებებში: დამსაქმებელთა შორის უნივერსიტეტის რეპუტაცია, აკადემიური რეპუტაცია, საერთაშორისო სტუდენტების მრავალფეროვნება და კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებელი.
აღნიშნული წარმატება ნათლად ასახავს კავკასიის უნივერსიტეტის უწყვეტ გავითარებას და მისი საგანმანათლებლო, კვლევითი და საერთაშორისო საქმიანობის მზარდ ხარისხს, რაც უნივერსიტეტს ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე კონკურენტუნარიან, სანდო და მოთხოვნად საგანმანათლებლო ინსტიტუციად წარმოაჩენს.
