კავკასიის უნივერსიტეტის სასწავლო ტური პარიზში 2026

16 ნოემბერი 2026

კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის პარიზში სასწავლო ტური გაიმართა, რომლის ფარგლებშიც მათ შესაძლებლობა ჰქონდათ, უშუალოდ გაცნობოდნენ საფრანგეთის კულტურულ მემკვიდრეობას, ისტორიულ ღირსშესანიშნაობებსა და ევროპულ საგანმანათლებლო და კულტურულ გარემოს.

 

სასწავლო ტურში მონაწილეობდა კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი კახა შენგელია, რომელიც სტუდენტებთან ერთად პარიზის ისტორიულ და კულტურულ ღირსშესანიშნაობებს გაეცნო.

 

ტურს ელინისტი და მთარგმნელი თათია მთვარელიძე უძღვებოდა.

 

ტურის ფარგლებში, სტუდენტებმა მოინახულეს პარიზის გამორჩეული ადგილები, მათ შორის მონმარტრის ისტორიული უბანი, მულენ-რუჟი, მხატვრების მოედანი, საკრე-კიორის ბაზილიკა (Sacré-Cœur) და ქალაქის ავთენტური ხასიათით გამორჩეული ქუჩები.

 

პროგრამის ფარგლებში მონაწილეები ვერსალის სასახლესაც ეწვივნენ. განსაკუთრებული ადგილი დაეთმო ლუვრის მუზეუმს, სადაც სტუდენტებს მსოფლიოს ხელოვნების უმნიშვნელოვანესი ნიმუშების დათვალიერების შესაძლებლობა ჰქონდათ. მათ ასევე მოინახულეს ვენდომის მოედანი, ტიუილრის ბაღი, კონკორდის მოედანი, ოპერის სასახლე (Palais Garnier), მცირე და დიდი სასახლეები (Petit Palais და Grand Palais), ალექსანდრე III-ის ხიდი და ეიფელის კოშკი.

 

სასწავლო ტურის დასკვნითი ნაწილი ორსეს მუზეუმის, პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის (ნოტრ-დამისა) და ლათინური კვარტლის მონახულებას დაეთმო.