22 სექტემბერს, პროექტის - PROVE „ღირებულებითი განათლების პოპულარიზაცია სამხრეთ კავკასიის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში“, Erasmus+ უმაღლესი განათლების შესაძლებლობების განვითარების პროგრამის (CBHE) ფარგლებში, მწვანე სკოლის დიღმის ფილიალში, გაიმართა სათემო აქტივობა (Community Action) თემაზე - „ფინანსური განათლება მშვიდობისთვის“.
შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა იმსჯელეს ახალგაზრდებში ფინანსური განათლების მნიშვნელობაზე, ფინანსური ინფორმაციის გააზრებულად შეფასებაზე, ფინანსური რესურსების პასუხისმგებლიან მართვასა და გონივრული ფინანსური გადაწყვეტილებების მიღებაზე. ყურადღება გამახვილდა იმაზე, თუ როგორ შეიძლება ფინანსური განათლების განვითარებამ ხელი შეუწყოს საზოგადოების კეთილდღეობასა და მშვიდობის მშენებლობას.
შეხვედრის განმავლობაში მოზარდებმა მიიღეს თეორიული ცოდნა ფინანსური განათლების შესახებ და განიხილეს ფინანსურ წიგნიერებასა და მშვიდობის მშენებლობას შორის კავშირი. მონაწილეებმა ასევე იმსჯელეს VaKE მეთოდის გამოყენებით შექმნილი დილემის ირგვლივ.
მცირე ჯგუფებში მუშაობის დროს მოსწავლეებმა შექმნეს კომიქსები თემაზე „ფინანსური განათლება მშვიდობისთვის“, რომლებშიც შემოქმედებითად წარმოაჩინეს ფინანსური პასუხისმგებლობისა და მშვიდობის მშენებლობის ურთიერთკავშირი.
აქტივობას ფასილიტაციას უწევდნენ პროექტში მონაწილე კავკასიის უნივერსიტეტის განათლების სკოლის სტუდენტები - ანა საჯაია და მეგი მგელაძე, ასევე, მენტორები - მაია ზიბზიბაძე და ქეთევან ვასაძე.
აღნიშნული შეხვედრა გაიმართა პროექტ „PROVE“ - ის ფარგლებში, რომელიც ფოკუსირებულია სამშვიდობო განათლებაზე და ეფუძნება ღირებულებითი განათლების VaKE მიდგომას (VaKE -Values and Knowledge Education). ეს არის ინოვაციური, სტუდენტზე ორიენტირებული მეთოდი, რომელიც აერთიანებს ღირებულებებზე დაფუძნებულ და კვლევაზე ორიენტირებულ სწავლებას.
აღნიშნული პროექტი ხორციელდება ავსტრიის, საბერძნეთის, საქართველოსა და სომხეთის საგანმანათლებლო ორგანიზაციების/უნივერსიტეტების თანამშრომლობით.
