ჟურნალ Post-Communist Economies-ში (Routledge / Taylor & Francis) გამოქვეყნდა კავკასიის უნივერსიტეტის კავკასიის ბიზნესის სკოლის (CSB) მკვლევრების, პროფესორ ვახტანგ ფარცვანიასა და პროფესორ ერეკლე პირველის სტატია „Reverse sanctions evasion through emerging-market intermediaries: Russian petroleum re-exports to the European Union via Georgia“ (სანქციების უკუმიმართულებით გვერდის ავლა განვითარებადი ბაზრების შუამავლობით: რუსული ნავთობპროდუქტების რეექსპორტი ევროკავშირში საქართველოს გავლით).
ავტორები ავითარებენ სანქციების „უკუმიმართულებით გვერდის ავლის“ კონცეფციას, რომლის მიხედვითაც სანქცირებული ქვეყნის საქონელი შუამავალი სახელმწიფოების გავლით კვლავ სანქციების დამწესებელი ქვეყნების ბაზრებზე ხვდება. კონცეფცია საქართველოს ნავთობპროდუქტების ვაჭრობის მაგალითზეა ემპირიულად შემოწმებული: კვლევა ეყრდნობა ნავთობპროდუქტების ყოველთვიურ სავაჭრო მონაცემებს 2018 წლის იანვრიდან 2025 წლის ივნისამდე და იყენებს სხვაობათა სხვაობის (difference-in-differences) მეთოდს.
ძირითადი შედეგები:
- 2022 წლის მარტში ნავთობის სანქციების ამოქმედების შემდეგ რუსეთიდან საქართველოში ნავთობპროდუქტების იმპორტი მნიშვნელოვნად გაიზარდა, სხვა მომწოდებლებთან შედარებით დაახლოებით 56 000 ტონით თვეში.
- საქართველოს ნავთობპროდუქტების ექსპორტის ცვლილება ძირითადად ფასებში აისახა და არა მოცულობებში; ექსპორტის ღირებულება ახლომდებარე, სანქციების კოალიციის გარეთ მყოფი ქვეყნების (სომხეთი, აზერბაიჯანი და თურქეთი) სასარგებლოდ შეიცვალა.
შედეგები ენერგეტიკული სანქციების სტრუქტურულ სისუსტეზე მიუთითებს: შუამავალ იურისდიქციებს შეუძლიათ სანქცირებული საქონლის გატარება ფორმალურად კანონიერი სავაჭრო სქემების ფარგლებში. ავტორების აზრით, სანქციების ეფექტიანი აღსრულებისთვის საჭიროა საქონლის წარმოშობის, მარშრუტებისა და მესამე ქვეყნების გავლით რეექსპორტის უფრო მჭიდრო მონიტორინგი, რათა მარეგულირებლებმა დაინახონ, რომელი პროდუქტი სად და რა არხებით მიდის.
სტატია ხელმისაწვდომია ბმულზე.
