31 იანვარს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოში პრე-აქსელერატორის პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა.
ღონისძიებას კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი კახა შენგელია, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ლაშა მიქავა, ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე და სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის რექტორები დაესწრნენ.
პრეზენტაციის შემდეგ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ კავკასიის უნივერსიტეტთან და სხვა უნივერსიტეტებთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.
შეთანხმების მიხედვით, უნივერსიტეტის პრე-აქსელერატორის მენეჯერები ტრენინგებს სრულიად უფასოდ გაივლიან, უნივერსიტეტები კი 3 წლის განმავლობაში, კურიკულუმისა და მეთოდოლოგიის საფუძველზე, მინიმუმ ორჯერ ჩაატარებენ აქსელერაციის პროგრამას სასწავლებელში.
პრე-აქსელერატორის პროგრამა ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ახალი პროექტია, რომლის ფარგლებშიც უნივერსიტეტის პრე-აქსელერატორების მენეჯერებს ტრენინგები სხვადასხვა მიმართულებით ჩაუტარდებათ. ისინი ისწავლიან, როგორ უნდა მართონ პრე-აქსელერატორის პროგრამა, როგორ უნდა მოიზიდონ საჭირო სეგმენტი და როგორ დაეხმარონ სტარტაპებს, თავიანთი იდეების განვითარებაში. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ თეორიული ცოდნის გარდა, მათ ექნებათ შესაძლებლობა უშუალოდ დაესწრონ სტარტაპების აქსელერაციის პროცესს და მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება.
სტარტაპებს კი პრე-აქსელერატორის პროგრამის ფარგლებში მაღალკვალიფიციური ტრენერების დახმარებით ექნებათ შესაძლებლობა, ბიზნეს იდეები აქციონ წარმატებულ სტარტაპებად. ბიზნესის მოდელირება, ინვესტორებთან ურთიერთობა, ბაზრის კვლევა, მომხმარებლის იდენტიფიცირება და მოზიდვა, მარკეტინგის საფუძვლები, ფინანსები და ადამიანების მენეჯმენტი - ეს ის საკითხებია, რომლებსაც სტარტაპები პროგრამის ფარგლებში დაეუფლებიან.
აქსელერაცია ინოვაციების სააგენტოს მიერ სრულად ფინანსდება და სტარტაპებისთვის და მენეჯერებისთვის პროგრამაში მონაწილეობა უფასოა.
ტრენინგებს გაუძღვებიან ევროპის ბაზარზე ლიდერი სტარტაპ აქსელერატორი კომპანიები STARTUP WISE GUYS და CIVITTA. მათი მეშვეობით აქსელერაციის პროცესი 30-ზე მეტ ქვეყანაში 100-ზე მეტმა კომპანიამ გაიარა. მათ შორისაა Taxify, ესტონეთის მეოთხე უნიკორნი (მილიარდიანი კომპანია), VitalFields, eaf.fm, Investly, SportID, Wolf3D, Shipitwise და სხვა.