27 დეკემბერს, თბილისის ღია უნივერსიტეტში, ჩატარდა “Rustaveli-DAAD”-ის ერთობლივი სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი შემაჯამებელი საპოსტერო ხასიათის კონფერენცია.
2018 წლის კონკურსის ფარგლებში დარეგისტრირებული განაცხადები შეფასდა ქართველი და გერმანელი ექსპერტებით დაკომპლექტებული კომისიის მიერ და დასაფინანსებლად შეირჩა 18 პროექტი. აღნიშნული პროექტები ფარავენ როგორც სადოქტორო, ასევე პოსტ-სადოქტორო დონეებს და ყველა სამეცნიერო მიმართულებას. ეკონომიკის დარგში სტიპენდია მოიპოვა კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა და უფროსმა მკვლევარმა, ერეკლე პირველმა. პროექტის ფარგლებში, პროფესორი პირველი მიწვეული გახლდათ და კვლევით სამუშაოებს ახორციელებდა მიუნხენის ლუდვიგ-მაქსიმილიანის სახელობის უნივერსიტეტის ფინანსური ეკონომეტრიკის დეპარტამენტის ბაზაზე.
შემაჯამებელი ღონისძიების ფარგლებში გამარჯვებულებმა წარადგინეს გერმანიაში კვლევითი სტაჟირების პერიოდში განხორციელებული აქტივობები და მიღებული შედეგები.
მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ: სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი - ზვიად გაბისონია, საქართველოს განათლების, მევნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე - ირინა აბულაძე, გერმანიის საელჩოს ატაშე ეკონომიკის მიმართულებით - ტომას შოლი, გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის თბილისის საინფორმაციო ოფისის უფროსი - გებჰარდ როილი, გამარჯვებულ აპლიკანტთა უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რექტორები, ფონდის გრანტიორები და სხვა.