1-5 ივნისს, კავკასიის უნივერსიტეტმა, რიგით მე-5 საერთაშორისო კვირეულის პროგრამას (International Staff Week Program) უმასპინძლა. პროგრამაში მონაწილეობა მიიღო ევროპის და აზიის 15 ქვეყნის 24 უნივერსიტეტის 40-ზე მეტმა აკადემიურმა და ადმინისტრაციულმა წარმომადგენელმა. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე აკადემიურ წელს, კავკასიის უნივერსიტეტმა საერთაშორისო კვირეულს უკვე მეორედ უმასპინძლა.
პროგრამის მონაწილეებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს, როგორც უნივერსიტეტის მისიის, ინტერნაციონალიზაციის პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების, ასევე უნივერსიტეტში არსებული სერვისებისა და დეპარტამენტების საქმიანობის შესახებ.
პარტნიორი უნივერსიტეტების წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდათ მონაწილეობა მიეღოთ ინტერაქციულ სესიებში შემდეგ აქტუალურ თემებზე:
- “საქართველო, როგორც ტურისტული დესტინაცია: მრავალფეროვნება, როგორც კონკურენტული უპირატესობა” - ნატო რობიტაშვილი, ნინო თიგიშვილი, კავკასიის ტურიზმის სკოლა;
- „თეორიიდან პრაქტიკამდე: შესაძლებლობების გაძლიერების ინიციატივების განხორციელება” - ირენა მელუა, კავკასიის უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტი ინტერნაციონალიზაციის დარგში;
- „კვლევის მიდგომები კავკასიის უნივერსიტეტში და თანამშრომლობის მიმართულებები“ - დავით წიკლაური, სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის და კვლევის ხელშეწყობის დეპარტამენტის დირექტორი
- საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება თემაზე: „ორმაგი ხარისხის პროგრამების განხორციელება ბიზნეს სკოლის ბაზაზე“- ელენე ჯღარკავა, კავკასიის ბიზნესის სკოლის დეკანი
- სესია: „საერთაშორისო სტუდენტების ჩართულობა საუნივერსიტეტო ცხოვრებაში: ელჩის („Buddy“) პროგრამა“ - ვორქშოფი სტუდენტების ჩართულობით - ანასტასია გუდაძე, სტუდენტური და ორგანიზაციული ღონისძიებების სამსახურის მენეჯერი
აღსანიშნავია, რომ კვირეულის ფარგლებში, კავკასიის უნივერსიტეტის რელევანტურ ფაკულტეტებთან, პროგრამაში მონაწილე უნივერსიტეტების პროფესორებისათვის ლექციები და მასტერკლასები ჩატარდა, ხოლო ადმინისტრაციული პერსონალისთვის შეხვედრები დაიგეგმა შესაბამის სკოლებთან და დეპარტამენტებთან.
უცხოელ ლექტორებს უმასპინძლეს კავკასიის უნივერსიტეტის ბიზნესის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა, მედიის და ტექნოლოგიების სკოლებმა. პროგრამაში მონაწილე ადმინისტრაციულ პერსონალისთვის შეხვედრები დაიგეგმა ტურიზმის სკოლის დეკანთან, დიკო კოპალეიშვილთან და ამავე სკოლის საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების ადმინისტრაციული დირექტორთან, თორნიკე ფურცელაძესთან. ასევე, ჩაინიშნა შეხვედრები კავკასიის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის დეკანთან, დავით ნატროშვილთან და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამეტნის წარმომადგენლებთან.
ასევე, საერთაშორისო კვირეულის პროგრამის ფარგლებში, კავკასიის არქიტექტურისა და დიზაინის სკოლამ, პროგრამაში მონაწილე ლექტორისთვის (სეფა ერსან ქაია, ტოკათის გაზიოსმანფაშას უნივერსიტეტი) დააორგანიზა გრაფიკული ნამუშევრების გამოფენა.
აღსანიშნავია, რომ კავკასიის უნივერსიტეტმა, აღნიშნული კვირეულის ფარგლებში პარტნიორი უნივერსიტეტების მონაწილეობით, საგანმანათლებლო გამოფენას უმასპინძლა. უნივერსიტეტის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ქართველი და საერთაშორისო სტუდენტებისთვის წარედგინათ როგორც საკუთარი უმაღლესი სასწავლებლები და პროგრამები ასევე ქვეყნები და მათი კულტურა.
საერთაშორისო კვირეულის პროგრამის დასასრულს, მონაწილე პროფესორებსა და ადმინისტრაციულ პერსონალს გადაეცათ მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები.
