ბიზნესის ადმინისტრირების ერთობლივი 3 წლიანი საბაკალავრო პროგრამის პრეზენტაცია

24 მაისი 2022

რენის ბიზნესის სკოლის დელეგაცია საქმიანი ვიზიტით საქართველოში, კავკასიის უნივერსიტეტში იმყოფება. მათ კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, კახა შენგელიამ და ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა უმასპინძლეს.

 

დელეგაციის ვიზიტის მთავარი მიზანია ერთობლივი პროგრამის დეტალების განხილვა, პროგრამით დაინტერესებული აპლიკანტებისთვის დეტალური ინფორმაციის გაზიარება პარტნიორი უნივერსიტეტის მხრიდან. ასევე, კავკასიის უნივერსიტეტის კამპუსის და  ინფრასტრუქტურის დათვალიერება, პარტნიორი უნივერსიტეტის წარმომადგენლებისთვის იმ სერვისების გაცნობა, რომლითაც სტუდენტები პროგრამის ფარგლებში ისარგებლებენ.

 

ვიზიტის ფარგლებში, 23 მაისს, კავკასიის უნივერსიტეტში, ახალი ერთობლივი 3 წლიანი ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც კავკასიის უნივერსიტეტი და რენის ბიზნესის სკოლა ერთობლივად ახორციელებს.

 

ღონისძიებაზე მოწვეული სტუმრები იყვნენ: საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს უმაღლესი განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსი, ნინო წერეთელი, საფრანგეთის საელჩოს კულტურის ატაშე, პიერ კლუე, რენის ბიზნესის სკოლის და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე კერძო და საჯარო სკოლების დირექტორები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები.

 

პრეზენტაციას წარუძღვნენ: ბენ შაუმეტი - რენის ბიზნესის სკოლის დეკანის უფროსი მრჩეველი, კახა შენგელია - კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი, ელენე ჯღარკავა - კავკასიის ბიზნესის სკოლის დეკანი.

 

ღონისძიებაზე განხილული იყო საბაკალავრო პროგრამის პერსპექტივები, მისი როლი და მნიშვნელობა ქართული საგანმანათლებლო სივრცისთვის, ასევე საზღვარგარეთ სწავლების და პროგრამის კურიკულუმის დეტალური ინფორმაცია.

 

კავკასიის უნივერსიტეტისა და რენის ბიზნესის სკოლის ერთობლივი პროგრამა პირველი პრეცედენტია საქართველოში. ის აბიტურიენტებს საშუალებას აძლევს, საბაკალავრო საფეხურზე ისწავლონ მხოლოდ 3 წელი და მიიღონ ორი უნივერსიტეტის დიპლომი, ისწავლონ საზღვარგარეთ ევროპის წამყვან უნივერსიტეტში და მიიღონ ცოდნა საერთაშორისო დონის უცხოელი თუ ქართველი პროფესორებისგან.

 

რენის ბიზნესის სკოლას, რომელიც მდებარეობს საფრანგეთში, ქალაქ რენში, მოპოვებული აქვს ისეთ დონის სამმაგი აკრედიტაცია, როგორებიცაა: AACSB, EQUIS, AMBA.