საქართველოში ევროპის ინოვაციების აკადემიის “ინოვაციისა და ლიდერობის ბანაკი” მიმდინარეობს

7 სექტემბერი 2022

7 სექტემბერს, საქართველოში, კერძოდ ბათუმში, ევროპის ინოვაციების აკადემიის (EIA) “ინოვაციისა და ლიდერობის ბანაკის” ფარგლებში, რიგით მესამე შეხვედრა გაიმართა, რომელიც კიდევ 2 დღის განმავლობაში გაგრძელდება და უმასპინძლებს სტუდენტებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

 

მესამე შეხვედრას კალიფორნიის ბერკლის უნივერსიტეტის - სუტარჯას მეწარმეობის და ტექნოლოგიის ცენტრის მმართველი დირექტორი და მთავარი სასწავლო ოფიცერი კენ სინგერი წარუძღვა, რომელმაც მეწარმეობით დაინტერესებულ 100-მდე ქართველ და საერთაშორისო სტუდენტს საკუთარი გამოცდილება და ცოდნა გაუზიარა.

 

EIA პროგრამა ქართველ სტუდენტებს სთავაზობს უნიკალურ შესაძლებლობას, იმუშაონ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სტუდენტებისგან შემდგარ ინტერკულტურულ გუნდებთან ერთად და შეიძინონ ცოდნა და გამოცდილება, რაც დაეხმარება მათ იდეების წარმატებულ სტარტაპებად გარდაქმნაში.

 

აღსანიშნავია, რომ პროგრამაში წელს ასამდე სტუდენტი იღებს მონაწილეობას, რომელთაგანაც 22 კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტია.

 

სასწავლო პროგრამას უძღვებიან კალიფორნიის ბერკლის უნივერსიტეტის - სუტარჯას მეწარმეობის და ტექნოლოგიის ცენტრის ფაკულტეტისა და სილიკონის ველის სხვადასხვა წამყვანი ორგანიზაციების ხელმძღვანელები.

 

ევროპის ინოვაციების აკადემია აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამისა და სხვა კერძო ორგანიზაციების მხარდაჭერით ხორციელდება. 2022 წლის სექტემბერში, პროგრამა საქართველოში კავკასიის უნივერსიტეტთან, აშშ-ის ბაზარზე წვდომის ცენტრთან (USMAC) და Startup Connect-თან პარტნიორობით ტარდება.

 

EIA პროგრამა დააჩქარებს საქართველოში ინოვაციური ეკოსისტემის განვითარებას, ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის ფორმირებას და სისტემატური ტრენინგებისა და პრაქტიკული სამეწარმეო განათლების სისტემის გაუმჯობესებას, რაც ხელს შეუწყობს მომავალი თაობის მეწარმეთა ჩამოყალიბებას. EIA პროგრამის დაარსება და მისი განხორციელება  წამყვან საერთაშორისო ბიზნეს კომპანიებთან თანამშრომლობით ხელს შეუწყობს ცნობადობის ამაღლებას სამეწარმეო და საინვესტიციო პოტენციალის შესახებ საქართველოში, კერძოდ, ბათუმში.