17-18 სექტემბერს, ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროექტის „კვლევის კეთილსინდისიერება და ეთიკა ქართულ უნივერსიტეტებში“ ფარგლებში, ბათუმში გაიმართა კონსორციუმის მენეჯმენტის დასკვნითი საერთაშორისო შეხვედრა, რომელსაც ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა.
შეხვედრა გახსნა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცლერმა და პროექტის ინსტიტუციურმა კოორდინატორმა ქეთევან დარახველიძემ. მან მონაწილეებს პროექტის ძირითადი მიზნები, მიღწეული შედეგები, სამუშაო პაკეტების განხორციელების მდგომარეობა და დარჩენილი ამოცანები გააცნო.
შეხვედრაზე პროექტის ხარისხის გარე შემფასებელმა ნათია ნადირაძემ მონიტორინგის ვიზიტების ძირითადი მიგნებები და პროექტის წინასწარი შეფასების შედეგები წარადგინა. ევროპელმა პარტნიორებმა შეაჯამეს მონიტორინგის პროცესთან დაკავშირებული ხედვა და პროექტის შედეგების შემდგომი განვითარების შესაძლებლობები.
ქართული და ევროპული უნივერსიტეტების წარმომადგენლებმა სამუშაო ჯგუფებში განიხილეს მონიტორინგის ანგარიშით განსაზღვრული რეკომენდაციები და თითოეული დაწესებულებისთვის შეიმუშავეს დარჩენილი ვალდებულებების შესრულების სამოქმედო გეგმები.
კავკასიის უნივერსიტეტის წარმომადგენელმა თამარ ჩოკორაიამ წარადგინა კონსორციუმის მიერ განხორციელებული დისემინაციის აქტივობების ანგარიში. პარტნიორებმა ასევე განიხილეს პროექტის ვებგვერდის განვითარების შესაძლებლობები, დარჩენილი საინფორმაციო ღონისძიებები, პროექტის შედეგების მდგრადობა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.
პროექტის შესახებ
პროექტის ძირითადი მიზანია ქართულ უნივერსიტეტებში კვლევის ეთიკისა და კეთილსინდისიერების არსებული მექანიზმების, პროცედურებისა და სერვისების გაუმჯობესება.
პროექტის კოორდინატორი-ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.
პროექტის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.
