ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის ექსპერტების სამუშაო შეხვედრა აკადემიურ პერსონალთან

10 ნოემბერი 2022

9 ნოემბერს, კავკასიის უნივერსიტეტში ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის ექსპერტების სამუშაო შეხვედრა გაიმართა აკადემიურ პერსონალთან, რომელსაც წარუძღვნენ ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის წარმომადგენლები: ბობ სმიტი (Lean Startup-ის  პროგრამირების  და აშშ -ს ეროვნული სამეცნიერო ფონდის (NSF) ინოვაციების კორპუსის (I-Corps) პროგრამირების დირექტორი) და კერი სლატერი (საერთაშორისო სამეწარმეო პროგრამების მენეჯერი).

 

შეხვედრას კავკასიის უნივერსიტეტის ბიზნესის, ტექნოლოგიებისა და ტურიზმის სკოლის ლექტორები ესწრებოდნენ. მხარეებმა ერთმანეთს გაუზიარეს გამოცდილება სამეწარმეო განათლების, სასწავლო პროცესში ინოვაციური მიდგომების გამოყენების და წახალისების მექანიზმების შესახებ. ასევე ისაუბრეს კვლევის კომერციალიზაციის მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე. აღსანიშნავია, რომ ექსპერტებთან ერთად სამუშაო შეხვედრას დისტანციურად ესწრებოდნენ ქეთი ფრეი, GW ბიზნესის სკოლის მეწარმეობის ცენტრის დირექტორი და მიშელ ჰარპენი ტექნოლოგიების გადაცემის ოფისის წარმომადგენელი.

 

ექსპერტებმა პროფესორებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტში მეწარმეობის, ინოვაციების და კვლევის კომერციალიზაციის მიმართულებით არსებულ პროგრამებზე, პროექტებსა და სერვისებზე.  

 

შეხვედრის ბოლოს, კითხვა-პასუხის რეჟიმში დისკუსია გაიმართა ძირითადი თემატიკის გარშემო, ექსპერტებმა კონკრეტული რეკომენდაციები და პრაქტიკული რჩევები გაუზიარეს აკადემიურ პერსონალს, აგრეთვე განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები.

 

კავკასიის უნივერსიტეტი ჯორჯ-ვაშინგტონის წარმომადგენლებს „უნივერსიტეტების შესაძლებლობების განვითარების პროგრამის“ (UCBP) ფარგლებში მასპინძლობს,  რომელიც ხორციელდება საერთაშორისო განათლების ამერიკული საბჭოების ადმინისტრირებითა და საქართველოში აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით.