17-21 ოქტომბერს, სიჩუანის ტურიზმის უნივერსიტეტში სიგუნიანის მთის ექსპერტთა მესამე საერთაშორისო ფორუმი გაიმართა. ფორუმში მონაწილეობდა კავკასიის უნივერსიტეტის და უნივერსიტეტთა პრეზიდენტების საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტი კახა შენგელია, რომელმაც ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას, ყურადღება გაამახვილა კავკასიისა და განსაკუთრებით საქართველოს სამთო ტურიზმისა და მისი განვითარების პოტენციალზე.
ტურიზმის ხელშეწყობისა და განვითარების მიზნით, სიჩუანში ჩინეთიდან და მთელი მსოფლიოდან მიიწვიეს ექსპერტები, მომხსენებლები გამოვიდნენ სიტყვით და ერთმანეთს თავიანთი მოსაზრებები გაუზიარეს.
ფორუმი ორ სხვადასხვა ადგილას ჩატარდა - აბა ტიბეტ-ციანის ავტონომიურ ოლქსა და ჩენგდუ სიჩუან ტურიზმის უნივერსიტეტში. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ მსოფლიოს სათანადო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტები და უნივერსიტეტები, რაც ამ ფორუმს მსოფლიო მნიშვნელობის აკადემიურ ღონისძიებად აქცევს.
სიჩუანის ტურიზმის უნივერსიტეტი დასავლეთ ჩინეთში, ტურიზმით სახელგანთქმულ სიჩუანის პროვინციის დედაქალაქ ჩენგდუში მდებარეობს. ეს ჩინეთში ტურიზმის პირველი უნივერსიტეტია. უნიკალური გეოგრაფიული მდებარეობა და პირობები ამ უნივერსიტეტის მაღალ დონეზე ფუნქციონირებას უწყობს ხელს. მისი ერთ-ერთი გამოკვეთილი და თვალსაჩინო საგანი კულინარიული ტურიზმია.