კავკასიის უნივერსიტეტსა და ამბერგ-ვეიდენის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტს (OTH Amberg-Weiden) შორის თანამშრომლობის ფარგლებში, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება- ერთობლივი საზაფხულო სკოლა „AI Meets Arts", რომელიც გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) მიერ დაფინანსდება.
პროგრამის ფარგლებში სტუდენტები შექმნიან საკუთარ მონაცემთა ბაზას ხელოვნების ნიმუშებზე დაყრდნობით და გამოიყენებენ თანამედროვე ხელოვნური ინტელექტის მეთოდებს კლასიფიკაციის, ძიებისა და ანალიზისთვის, ხოლო პროგრამის ბოლოს მონაწილეობას მიიღებენ ჰაკათონში.
პროგრამა ორ ეტაპად განხორციელდება: პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად შერჩეული კავკასიის ტექნოლოგიების სკოლის სტუდენტები პირველ კვირას გაატარებენ კავკასიის უნივერსიტეტში, თბილისში, შემდეგ კი ერთკვირიანი მობილობით გაემგზავრებიან პარტნიორ უნივერსიტეტში, ამბერგში, გერმანიაში, სადაც პროგრამის დასკვნითი ნაწილი განხორციელდება.
ინტერნაციონალიზაციის პროცესის ფარგლებში, კავკასიის უნივერსიტეტი აქტიურად ახორციელებს სტრატეგიული მნიშვნელობის პროგრამებსა და პროექტებს პარტნიორ უნივერსიტეტებთან ერთად, რაც ხელს უწყობს სტუდენტთა ჩართულობას გლობალურ აკადემიურ სივრცეში.
პროგრამაში მონაწილეობით დაინტერესებულ პირებს რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ მითითებულ ბმულზე, 2026 წლის 31 ივლისის ჩათვლით.
