ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტისა და კავკასიის უნივერსიტეტების ერთობლივი კვლევითი პროექტის შედეგების პრეზენტაცია

2 ივლისი 2022

 

1 ივლისს, კავკასიის უნივერსიტეტში, აშშ-ის ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის  ტურიზმისა და ბიზნესის ადმინისტრირების სტუდენტ-მკვლევართა ჯგუფის და კავკასიის  ტურიზმის სკოლის სტუდენტების ერთობლივი კვლევითი პროექტის შედეგების პრეზენტაცია გაიმართა. 

 

კვლევა ჩატარდა კახეთში, სადაც მონაწილეები შეხვდნენ ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლებს, ადმინისტრაციასა და სხვადასხვა დარგობრივ ასოციაციებს, რომლის ფარგლებშიც  გამოიკითხეს ღვინისა და გასტრონომიის ტურისტული მომსახურების ძირითადი ობიექტები. კვლევის შედეგად სტუდენტებმა შეიმუშავეს რეკომენდაციები, რომლებიც შეეხებოდა: ახალი პროდუქტების შეთავაზებას, ხარისხის გაუმჯობესებას, ახალი ბაზრების ათვისებას, პოზიციონირებისა და მარკეტინგის ეფექტიანობის გაუმჯობესებას. 

 

აუდიტორიას სიტყვით მიესალმნენ: კავკასიის ტურიზმის სკოლის დეკანი ნინო კალანდაძე, ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის ტურიზმის საერთაშორისო ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი, სელენი მათუსი, კავკასიის უნივერსიტეტის სრული პროფესორი, თიბისი ბანკის ასოცირებული მკვლევარი, გიორგი ბრეგაძე და USAID-ის საქართველოს ეკონომიკური ოფისის კერძო სექტორის განვითარების უფროსი მრჩეველი დავით წიკლაური.

 

ღონისძიებას ესწრებოდნენ: USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ხელმძღვანელი მარკ მაკორდი, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ადამიანური რესურსების განვითარების მიმართულების ხელმძღვანელი ნათია ვეფხვაძე, ასევე ტურიზმისა და გასტრონომიის ინდუსტრიის წარმომადგენლები.  

 

კავკასიის უნივერსიტეტს აშშ-ის ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის  ტურიზმისა და ბიზნესის ადმინისტრირების სტუდენტ-მკვლევართა ჯგუფი 19 ივნისს ესტუმრა ორკვირიანი ვიზიტით.

 

ვიზიტის მიზანი იყო, რომ ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის პროფესორებსა და სტუდენტებს კავკასიის უნივერსიტეტის ტურიზმის სკოლის სტუდენტებთან ერთად შეესწავლათ საქართველოს ღვინისა და გასტრონომიული ტურიზმის პოტენციალი და კახეთის რეგიონის მაგალითზე განეხორციელებინათ ერთობლივ კვლევა, შეემუშავებინათ შესაბამისი მიგნებები და რეკომენდაციები.

 

პროექტი განხორციელდა კავკასიის უნივერსიტეტის, ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ერთობლივი საკვლევი პროექტის ფარგლებში და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით.