კავკასიის უნივერსიტეტმა ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის (EUA) ინდივიდუალური სრული წევრის სტატუსი მოიპოვა

8 ნოემბერი 2021

კავკასიის უნივერსიტეტი კიდევ ერთი საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი გახდა. ამჯერად, უნივერსიტეტმა ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის (EUA) ინდივიდუალური სრული წევრის სტატუსი მოიპოვა.

 

ევროპული უნივერსიტეტების ასოციაცია, რომელიც ყველაზე მასშტაბური საუნივერსიტეტო  გაერთიანების სტატუსით წლებია სარგებლობს, ამავდროულად უზრუნველყოფს ევროპის უმაღლესი განათლების პოლიტიკისა და პრაქტიკის შესწავლას ხარისხის უზრუნველყოფის, ინტერნაციონალიზაციის, მმართველობისა და დაფინანსების კუთხით, ასევე ახორციელებს ტრანსნაციონალური და ინსტიტუციური განვითარების პროექტებს.

 

ამჟამად ასოციაცია 800-ზე მეტ უნივერსიტეტსა და 48 ევროპული ქვეყნის წარმომადგენლისგან შემდგარ რექტორთა ეროვნულ კონფერენციას აერთიანებს.

 

აღსანიშნავია, რომ კავკასიის უნივერსიტეტმა, ასოციაციის მიერ  სწავლა/სწავლებისა და კვლევის მიმართულებით დადგენილი სტანდარტების  შესაბამისობით მოიპოვა ინდივიდუალური სრული წევრის სტატუსი. აღნიშნული მანდატი კი, უნივერსიტეტს შესაძლებლობას მისცემს აქტიური მონაწილეობა მიიღოს ისეთი ფუნდამენტური მნიშვნელობის პროცესში, როგორიცაა ევროპული უმაღლესი განათლებისა და კვლევის პოლიტიკის ფორმირება. ასევე კავკასიის უნივერსიტეტს შესაძლებლობა ექნება მიიღოს უახლესი ინფორმაცია ევროპაში გავრცელებული საუკეთესო პრაქტიკის შესახებ და ჩაერთოს ერთობლივ პროექტებში.


კავკასიის უნივერსიტეტის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ მიმართულებას ინტერნაციონალიზაცია წარმოადგენს. ამის უზრუნველსაყოფად უნივერსიტეტი წარმატებით თანამშრომლობს მსოფლიოს წამყვან საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, ორგანიზაციებთან და  ასოციაციებთან. ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის (EUA) ინდივიდუალური სრული წევრის სტატუსის მოიპოვება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრირების მიმართულებით.