კავკასიის უნივერსიტეტში საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია გაიმართა

14 ოქტომბერი 2024

წარმატებით დასრულდა ორდღიანი საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია, რომელმაც მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონიდან შეკრიბა ციფრული მიმართულების ექსპერტები, რათა განეხილათ სფეროში არსებული გამოწვევები, სიახლეები, სამეცნიერო, პრაქტიკული და ექსპერიმენტალური კვლევის შედეგები კომუნიკაციებისა და უსაფრთხოების ჭრილში.

 

ღონისძიების ფარგლებში, მონაწილეებმა აქტიური დისკუსია გამართეს ისეთი კრიტიკული მნიშვნელობის თემებზე, როგორიცაა კიბერ უსაფრთხოების მიმდინარე გამოწვევები, ინტერნეტის ფრაგმენტაცია, კრიპტოგრაფია, პოსტ-კვანტური კრიპტოგრაფია, ეთიკური ჰაკინგი, მომხმარებლების უსაფრთხოება, კიბერ საომარი მოქმედებები და ტერორიზმი. აღნიშნული საკითხების განხილვა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა კონფერენციის მსმენელებთან ერთად.

 

კონფერენციის მთავარი მომხსენებლები იყვნენ როგორც სხვადასხვა სახელმწიფოს სამთავრობო ინსტიტუტებიდან, ასევე კერძო სექტორიდან და სამეცნიერო კვლევითი საზოგადოებიდან. რომელთა თეორიულმა და პრაქტიკულმა კვლევებმა თუ გამოცდილებამ კიდევ უფრო საინტერესო და პროდუქტიული გახადა კონფერენცია.

 

განსაკუთრებული მადლობა გვინდა გადავუხადოთ ასევე ჩვენს პარტნიორებს, თანაორგანიზატორებს და 400-მდე დამსწრე სტუმარს, მსმენელს რომელთა აქტიურმა მონაწილეობამ ხელი შეუწყო იდეების გაცვლას და თანამშრომლობას. კონფერენციაზე, რომელსაც მასპინძლობდა კავკასიის უნივერსიტეტი, ხაზი გაესვა ინტერდისციპლინური თანამშრომლობის მნიშვნელოვან როლს ტელეკომუნიკაციისა და უსაფრთხოების მრავალმხრივი გამოწვევების გადაჭრის საქმეში.

 

ჩვენ მოუთმენლად ველით შემდგომ თანამშრომლობას ამ კრიტიკულად მნიშვნელოვანი სფეროს წინსვლისთვის, ახალი საერთაშორისო და ლოკალური თანამშრომლობის გაძლიერებას.

 

კონფერენცია დაფინანსებულია შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო კონკურსის CG-24-220 ფარგლებში.