კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი ქეთევან ომანაძე მეცნიერებაში განსაკუთრებული მიღწევებისთვის დაჯილდოვდა

11 ნოემბერი 2026
10 ნოემბერს, მეცნიერების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი, ჯანდაცვის პოლიტიკის ინსტიტუტის მკვლევარი ქეთევან ომანაძე შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2026 წლის პრემიის კონკურსის „მეცნიერებაში განსაკუთრებული მიღწევებისათვის“ გამარჯვებულად დასახელდა და მედიცინის მეცნიერებათა მიმართულებით დაჯილდოვდა.
 
ქეთევან ომანაძე ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორია და აქტიურად ეწევა სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას. იგი შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ორგზის გრანტიორია. მისი სამეცნიერო საქმიანობა ჯანმრთელობის მეცნიერებების მიმართულებით კვლევების განვითარებას უკავშირდება.
 
ღონისძიების ფარგლებში გაიმართა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2026 წლის პრემიის ლაურეატთა დაჯილდოების ცერემონია, რომლის მიზანია მეცნიერების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილის აღიარება, გამორჩეული სამეცნიერო მიღწევების დაფასება და ახალგაზრდა მკვლევართა წახალისება.
საზეიმო ღონისძიებაზე რუსთაველის ფონდის 2026 წლის პრემიის კონკურსის „მეცნიერებაში განსაკუთრებული მიღწევებისათვის“ ფარგლებში დაჯილდოვდა 11 ახალგაზრდა მეცნიერი და მკვლევარი, მათ შორის, კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი ქეთევან ომანაძე.
 
აღნიშნული ჯილდო ქეთევან ომანაძის სამეცნიერო საქმიანობის მნიშვნელოვანი აღიარებაა და კიდევ ერთხელ წარმოაჩენს კავკასიის უნივერსიტეტის აკადემიური და კვლევითი პერსონალის სამეცნიერო პოტენციალსა და წვლილს ჯანმრთელობის მეცნიერებების განვითარებაში.
 
კავკასიის უნივერსიტეტი ულოცავს პროფესორ ქეთევან ომანაძეს ამ მნიშვნელოვან პროფესიულ მიღწევას და უსურვებს შემდგომ წარმატებებს სამეცნიერო, კვლევით და აკადემიურ საქმიანობაში.