4 დეკემბერს, კავკასიის უნივერსიტეტს ხელოვნებისა და მეცნიერების მსოფლიო აკადემიის აღმასრულებელი დირექტორი და აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე, ამერიკელი ავტორი, მკვლევარი და კონსულტანტი ბიზნესის მენეჯმენტის, ეკონომიკის, სოციალური განვითარების და განათლების სფეროში - გერი ჯეიკობსი ეწვია. ვიზიტის ფარგლებში, პროფესორი ჯეიკობსი კავკასიის ბიზნესის სკოლის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებისთვის გაუძღვება ორ კვირიან სალექციო კურსს „ორგანიზაციული თეორია.“
აღნიშნული სალექციო კურსი მოიცავს პასუხებს კითხვებზე თუ რა აძლევს ბიზნესს, სოციუმს ან ინდივიდს იმის საშუალებას, რომ შეინარჩუნოს დინამიურობის,ზრდის და კრეატიულობის მაღალი დონე? რა არის სხვაობა ეფექტურ მანქანასა და ცოცხალ ორგანიზაციას შორის? როგორ მივმართოთ სწორად ჩვენი უშრეტი ენერგია ორგანიზაციის წარმატებისა და მუდმივი განვითარებისკენ?
„ორგანიზაციული თეორიის“ კურსი მორგებულია განსხვავებული პროფესიის და გამოცდილების მქონე სტუდენტებზე, რომელთაც სურთ გაიგონ ორგანიზაციული ზრდის, ინოვაციების და კრეატიულობის მთავარი პრინციპები და პროცესები, რომლებიც ბიზნესს საშუალებას აძლევენ მნიშვნელოვნად გაზარდოს შედეგები და შესაძლებლობები.