ციფრული ლოგისტიკის მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამა დაიწყო

27 სექტემბერი 2022

26 სექტემბერს, კავკასიის უნივერსიტეტში, ციფრული ლოგისტიკის მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამის პირველი ლექცია ჩატარდა, რომელსაც TH Wildau და კავკასიის ტექნოლოგიების სკოლა ერთობლივად ახორციელებენ.

 

პირველი მიღების სტუდენტებს შეხვდნენ: ციფრული ლოგისტიკის მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი და ლოგისტიკის ასოციაციის თავმჯდომარე გიორგი დობორჯგინიძე, კავკასიის ტექნოლოგიების სკოლის დეკანი შოთა ნიჟარაძე და TH Wildau-ის პროფესორი მიხეილ ჰერცოგი. უნივერსიტეტების წარმომადგენლებმა სტუდენტებს მიულოცეს სასწავლო წლის დაწყება და წარმატებები უსურვეს პროფესიულ განვითარებაში. პირველია ლექცია TH Wildau-ის პროფესორმა მიხეილ ჰერცოგმა ჩაატარა.

 

აღსანიშნავია, რომ ციფრული ლოგისტიკის მენეჯმენტის ერთობლივ სამაგისტრო პროგრამა გასცემს ერთობლივ დიპლომს და ხორციელდება გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) მხარდაჭერით და საქართველოს ლოგისტიკის ასოციაციასთან (GLA) თანამშრომლობით.

 

ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამა პირველია რეგიონში, რომელიც ლოგისტიკის მენეჯმენტის მიმართულებით ხორციელდება. ის უნიკალურია თავისი შინაარსით, მულტიდისციპლინური კურიკულუმით, რაც შესაძლებელს ხდის გადაამზადოს მაღალი რანგის, სხვადასხვა დარგის პროფესიონალები. საქართველოს ხელსაყრელი ლოგისტიკური ადგილმდებარეობიდან გამომდინარე უდიდესი პოტენციალი აქვს გახდეს რეგიონული ლოგისტიკური ჰაბი. რაც ხაზს უსვამს კიდევ ერთხელ იმ ფაქტს, რომ  ბაზარზე კვალიფიციურ კადრებზე მოთხოვნა გაიზრდება და მნიშვნელოვანია სფეროში პროფესიონალი კადრების არსებობა. 

 

TH Wildau მოწინავე უნივერსიტეტია გერმანიაში ლოგისტიკის მიმართულებით, ბერლინის მახლობლად, ბრანდენბურგის მიწაზე. იგი წარმოადგენს გერმანიის ერთ-ერთ ყველაზე ინოვაციურ საგანმანათლებლო-სამეცნიერო ცენტრს, რომელიც გასულ წელს დასახელდა სამეცნიერო დაწესებულებების ხუთეულში მთელი გერმანიის მასშტაბით. იგი ფოკუსირებულია ბიზნესის ადმინისტრირებისა და ტექნიკური დისციპლინების ურთიერთდამოკიდებულების თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნაზე, ასევე უახლეს საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე. სამეცნიერო-კვლევითი კუთხით იგი თანამშრომლობს ისეთ ტექნოლოგიურ და ლოგისტიკის დარგის გიგანტებთან როგორებიცაა: Mercedes Benz, BMW, Siemens, Bombardier, Airbus, Rolls Royce Sony, Fujitsu, ABB, DB Schenker, DHL, Fiege.