12 მარტს, კავკასიის უნივერსიტეტის ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის ორგანიზებით, „შეხვდი სტარტაპერს“ სერიის ფარგლებში, გაიმართა შეხვედრა სტარტაპ „ჰერიოს“ დამფუძნებლებთან – ლევან ასანიძესთან (CEO) და გეგი გვაზავასთან (COO).
შეხვედრის მსვლელობისას სტუდენტებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს „ჰერიოს“ კონცეფციის, მისი განვითარების ისტორიისა და თანამედროვე დასაქმების ბაზრის გამოწვევების შესახებ. სპიკერებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს იმ შესაძლებლობებზე, რომელთა შექმნასაც პლატფორმა ახალგაზრდებისთვის ისახავს მიზნად. „ჰერიო“ ეხმარება სტუდენტებს და ახალგაზრდა კურსდამთავრებულებს, იპოვონ მათ საჭიროებებზე მორგებული, მოქნილი დასაქმების შესაძლებლობები, გამოცადონ საკუთარი თავი სხვადასხვა სფეროში, განავითარონ ახალი უნარები და მიაღწიონ ფინანსურ დამოუკიდებლობას.
ღონისძიების ფარგლებში სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ, პირდაპირი კომუნიკაციისა და ინტერაქციის გზით მიეღოთ პრაქტიკული ცოდნა, გაეგოთ სტარტაპის შექმნის რეალური გამოწვევები და მოესმინათ დამფუძნებლების პირადი გამოცდილების შესახებ. სპიკერებმა ასევე გაუზიარეს მათ მნიშვნელოვანი რეკომენდაციები კარიერული განვითარების, მეწარმეობაში პირველი ნაბიჯების გადადგმისა და ტექნოლოგიური პლატფორმების გამოყენების შესაძლებლობებზე.