30 ოქტომბერს, კავკასიის უნივერსიტეტსა და კომოში მდებარე ინსუბრიას უნივერსიტეტს (იტალია) შორის ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულებას. ხელშეკრულებას კავკასიის უნივერსიტეტის მხრიდან ხელი მოაწერა უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტმა ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით, ირენა მელუამ, ინსუბრიას უნივერსიტეტის მხრიდან – ვიცე-პრეზიდენტმა ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით, ზამპერეტი ჯორჯო მარიამ.
მემორანდუმი და სტუდენტთა გაცვლის ხელშეკრულება კავკასიის უნივერსიტეტის ბიზნესის, ეკონომიკის, ტურიზმისა და ტექნოლოგიების სკოლების სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებს საშუალებას მისცემს ერთი სემესტრი გაატარონ პარტნიორ უნივერსიტეტში, რაც ხელს შეუწყობს მათ აკადემიური და პროფესიული გამოცდილების გაღრმავებას საერთაშორისო გარემოში.
შეხვედრას ესწრებოდნენ კავკასიის ბიზნესის სკოლის დეკანი, ელენე ჯღარკავა, ტურიზმის სკოლის დეკანი, დიკო კოპალეიშვილი, ასევე საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენლები. ვიზიტის ფარგლებში, პარტნიორი უნივერსიტეტის წარმომადგენელს დეტალური ინფორმაცია მიეწოდა კავკასიის უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის სტრატეგიასა და მნიშვნელოვან აქტივობებზე.
აღსანიშნავია, რომ შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა განიხილეს თანამშრომლობის შესაძლო მიმართულებები ერთობლივი პროგრამების შექმნის კუთხით, რაც კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას შეუქმნის კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებს.