ნატოს დღეები კავკასიის უნივერსიტეტში

12 ივნისი 2026

ნატოს დღეების ფარგლებში კავკასიის უნივერსიტეტს საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი, ალექსანდრე ვინნიკოვი ეწვია. სტუმარს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტმა და ირ. წერეთლის სახელობის ნატოს კვლევითმა ცენტრმა უმასპინძლა.

 

ვიზიტის ფარგლებში ალექსანდრე ვინნიკოვმა სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის გამართა საჯარო ლექცია ნატო-საქართველოს ურთიერთობის შესახებ. ლექციის ფარგლებში მომხსენებელმა ისაუბრა ნატოს შექმნისა და განვითარების ისტორიაზე, გადაწყვეტილების მიღების კონსენსუსზე დაფუძნებულ მექანიზმზე, ალიანსის თანამედროვე დღის წესრიგსა და უსაფრთხოების გარემოზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ნატო-საქართველოს თანამშრომლობის ძირითად მიმართულებებს, მათ შორის საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის საქმიანობას, ყოველწლიურ ეროვნულ პროგრამას (ANP), ნატო-საქართველოს არსებით პაკეტს (SNGP), საქართველოს მონაწილეობას ნატოს მისიებსა და ოპერაციებში, ასევე საზოგადოებრივი დიპლომატიისა და პრაქტიკული თანამშრომლობის ინსტრუმენტებს.

 

შეხვედრაზე ასევე განიხილეს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პერსპექტივები, დემოკრატიული რეფორმების მნიშვნელობა და ნატოს მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ლექციის დასრულების შემდეგ გაიმართა დისკუსია, რომლის დროსაც სტუდენტებმა შეკითხვები დასვეს რეგიონული და გლობალური უსაფრთხოების გამოწვევების, ასევე ნატო-საქართველოს თანამშრომლობის სამომავლო მიმართულებების შესახებ.

 

ღონისძიების ფარგლებში სტუდენტებისთვის ჩატარდა ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს (NAC) სიმულაცია. როლური თამაშის ფორმატში მონაწილეები ნატოს წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლების როლს ასრულებდნენ და კონსენსუსზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობდნენ. სიმულაციამ სტუდენტების დიდი ინტერესი და აქტიური ჩართულობა გამოიწვია.

 

ვიზიტის დასასრულს მხარეებმა განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები და კიდევ ერთხელ დაადასტურეს კავკასიის უნივერსიტეტსა და საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისს შორის წარმატებული პარტნიორობის გაგრძელების მზადყოფნა, რაც მომავალშიც შეუწყობს ხელს სტუდენტებისა და ახალგაზრდა მკვლევრების ჩართულობას ევროატლანტიკურ საკითხებზე საგანმანათლებლო და კვლევით საქმიანობაში.