ლისაბონის ნოვას უნივერსიტეტის დელეგაციის ვიზიტი კავკასიის უნივერსიტეტში

7 მარტი 2023

7 მარტს, კავკასიის უნივერსიტეტმა ლისაბონის ნოვას უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტს ჟუან ამარო დე მატოსს  და ამავე უნივერსიტეტის წარმომადგენლებს უმასპინძლა.


ვიზიტის ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელშიც კავკასიის უნივერსიტეტის მხრიდან მონაწილეობდნენ ირენა მელუა, ვიცე-პრეზიდენტი ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით, ბორის (ბუბა ლეჟავა) ვიცე-პრეზიდენტი კვლევისა  და სტრატეგიული განვითარების დარგში,  ირმა გრძელიძე, სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო აკრედიტაციის დეპარტამენტის დირექტორი და  ქეთევან კარბაია, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორი. 


აღსანიშნავია, რომ შეხვედრის მსვლელობისას მხარეებმა განიხილეს თანამშრომლობის საკითხები სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის სტუდენტებისა და აკადემიური გაცვლის, აგრეთვე ინსტიტუციური განვითარების პროექტების ინიცირების თვალსაზრისით.  განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მედიცინის, მედიისა და ჰუმანიტარული მეცნიერებების მიმართულებით შესაძლო თანამშრომლობის საკითხებს. 

 

ლისაბონის ნოვას უნივერსიტეტი, ერთ-ერთ წამყვან სახელმწიფო  უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას წარმოადგენს ევროპის მასშტაბით, რომელიც გამოირჩევა მრავალფეროვანი საგანმანათლებლო პროგრამებით, უმაღლესი ხარისხის განათლებითა და საერთაშორისო პოზიციონირებით.  CU-ს ლისაბონის ნოვას უნივერსიტეტთან Erasmus + ინსტიტუციური თანამშრომლობის პროექტების (CBHE) ფარგლებში 2020 წლიდან წარმატებული თანამშრომლობა აკავშირებს.