პარტნიორობა ცენტრალური ფლორიდის უნივერსიტეტთან

8 ოქტომბერი 2020

კავკასიის უნივერსიტეტსა და ცენტრალური ფლორიდის  უნივერსიტეტს შორის მოეწერა ხელი სტრატეგიულ შეთანხმებას, რომელიც მიზნად ისახავს ერთობლივ, საერთაშორისო სტანდარტებზე მორგებულ, მასპინძლობისა და ტურიზმის მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამის შექმნას. არსებული პროგრამა სტუდენტებს შესაძლებლობას მისცემს თეორიული ცოდნა  დარგის  ადგილობრივი და საერთაშორისო სპეციალისტებისგან მიიღონ, ხოლო პრაქტიკული გამოცდილების მისაღებად ეწვივნონ ცენტრალური ფლორიდის უნივერსიტეტის როუზენის მასპინძლობის მენეჯმენტის კოლეჯს (Rosen College of Hospitality Management).

 

თანამშრომლობა ითვალისწინებს სტუდენტების გაცვლას, აკადემიური პერსონალის გადამზადებას, მოკლევადიანი სასერტიფიკატო კურსების შემუშავებას, ერთობლივ ღონისძიებებს, კვლევითი პროექტების განხორციელბასა და სტუდენტებისათვის ფლორიდაში დაგეგმილი სტაჟირების შეთავაზებას, რაც  კავკასიის ტურიზმის სკოლის შესაძლებელობებს  მნიშვნელოვნად გააძლიერებს.

 

ფლორიდის უნივერსიტეტის როუზენის მასპინძლობის მენეჯმენტის კოლეჯი,  მსოფლიოს მასშტაბით, დარგის უპირობო ლიდერია. ამას ცხადყოფს შანხაის მსოფლიო საუნივერსიტეტო რეიტინგის 2020 წლის მაჩვენებელი, რომლის მიხედვითაც იგი ამერიკის შეერთებულ შტატებში პირველ, ხოლო მსოფლიოში მეორე ადგილს იკავებს.


ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის ფორმირების პროცესში აქტიურად არის ჩართული  USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა და მისი კონტრაქტორი საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია „სოლიმარი“, რომელთა  მხარდაჭერითაც კავკასიის უნივერსიტეტის ტურიზმის სკოლამ წარმატებით მოიპოვა გაერთიანებული ერების მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) საერთაშორისო აკრედიტაციის  TEDQUAL-ის სერტიფიცირება და გახდა ამგვარი აღიარების მქონე პირველი ქართული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება .